საგარეო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარს გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, რადგან ახლა ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა პრეზიდენტ სი ძინპინის ვიზიტი გახლავთ მოსკოვში, იმედია არ გაგიკვირდებათ, თუ ჩვენი საუბრის დაწყებას სწორედ ამ თემით შემოგთავაზებთ.
დამკვირვებელთა უმეტესობა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პრეზიდენტ სის მოსკოვში ვიზიტისას პრეზიდენტ პუტინს არ მიუღია პეკინისგან უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის დახმარების პირობა. მეტიც, ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის სამხედრო დახმარების საკითხზე მხარეებს არც უმსჯელიათ.
თუ ჩინეთსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი ეკონომიკური შეთანხმებებით ვიმსჯელებთ, კარგად ჩანს, რომ ეკონომიკური სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთის მდგომარეობა იმაზე მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
როგორც ჩანს, რუსეთის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდება, რადგან პრეზიდენტმა სიმ მოსკოვში „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივები“ ჩაიტანა, რომელიც უნდა ეს თუ არა კრემლს, სრულად ჯდება უკრაინაში ომის დაწყებამდე საერთაშორისო სამართლის პრინციპებში.
უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე ომის ფონზე, როცა მომავალი მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხი წყდება, თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ სის მოსკოვში ვიზიტის შედეგებს?
- რა თქმა უნდა, ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი რუსეთში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა რაც შეეხება უშუალოდ თქვენს შეკითხვას, რომელიც გარკვეულწილად ამ ვიზიტის აკავშირებს რუსეთ-უკრაინის ომთან, ამ თვალსაზრისით მე არ მგონია, რომ რაიმე ხელშესახები შედეგი დადგეს, მით უმეტეს უახლოეს მომავალში.
გეთანხმებით, რომ საჯაროდ ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის სამხედრო დახმარების საკითხზე მხარეებს არ უმსჯელიათ, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ დახურულ კარს მიღმა ეს თემა ნამდვილად იქნებოდა მსჯელობის საგანი. ამ საკითხზე რაიმე ხელშესახები შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ იგი რაღაც ფორმით მაინც აისახებოდა პუტინის პრეზიდენტ სის საჯარო განცხადებებსა და ხელმოწერილ დოკუმენტებში, რაც არ მომხდარა.
ამ საკითხზე რაიმე ხელშესახები შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ იგი რაღაც ფორმით მაინც აისახებოდა პუტინის პრეზიდენტ სის საჯარო განცხადებებსა და ხელმოწერილ დოკუმენტებში, რაც არ მომხდარა
რაც მნიშვნელოვანია, ორი ქვეყნის ლიდერის ერთობლივ განცხადებაში განმეორდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ გაკეთებული ანალოგიური ერთობლივი განცხადებიდან პასაჟი იმის თაობაზე, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობა ძალზედ მტკიცეა, მაგრამ ახალ განცხადებაში მისი წინამორბედისგან განსხვავებით მკაფიოდ ითქვა, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობას არ აქვს ბლოკური და კონფრონტაციული ხასიათი და არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ.
ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობას არ აქვს ბლოკური და კონფრონტაციული ხასიათი და არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ
ამასთან, ამჯერად მხოლოდ ნაწილობრივ განმეორდა ჩანაწერი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე, თანაც ახლა არ თქმულა, რომ მხარეები (ანუ ჩინეთი და რუსეთი) ნატოს გაფართოების წინააღმდეგი არიან. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ნატოს არგაფართოების საკითხი ერთობლივ განცხადებაში რუსეთის ინტერესების გამო აისახა.
რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ, დაახლოებით ერთი თვის წინ გამოქვეყნებულ, ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას, იგი ძალზედ მნიშვნელოვანი დოკუმენტია იმ თვალსაზრისით, რომ მიუთითებს ბეიჯინგის განზრახვაზე აიმაღლოს საერთაშორისო პრესტიჟი და განიმტკიცოს იმიჯი. ეს მას სავარაუდოდ იმისთვისაც სჭირდება, რომ დავუშვათ ტაივანის ან რაიმე სხვა საკითხის გამო აშშ-სთან მწვავე კონფრონტაციის შემთხვევაში, ჩინეთმა უფრო მეტი მხარდაჭერის მოპოვება შეძლოს საერთაშორისო ასპარეზზე.
- თბილისში ვიზიტად იმყოფება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი ანალინა ბერბოკი. მანამდე თბილისს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობდა.
საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ბრიუსელში, ვაშინგტონში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ასევე ევროპარლამენტში იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ მსოფლიო მნიშვნელოვნად შეცვლილია.
ამაზე ისიც მეტყველებს, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ისეთი ქვეყნის ლიდერები, როგორც საფრანგეთისა პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი იყვნენ, შეცვლილია. ახლა ამ ქვეყნების პირველი პირები დიამეტრულად განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ.
ამ თვალსაზრისით, გამონაკლისი არ იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებებიც. ვგულისხმობ იმას, რომ „გერმანია სრულად და ყოველმხრივ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივას.“
თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს თბილისში? ხოლო მეორემ მხრივ იმ განცხადებებს რომელიც ჩვენ ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან გვესმის?
- გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა. გერმანია ხომ სწორედ ის ქვეყანაა, რომლის პოზიცია ევროკავშირის გაფართოებაში ფაქტობრივად გადამწყვეტია, ხოლო ნატოს გაფართოებაში კი ძალზედ მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება, ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან გაკეთებულ განცხადებებს, ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველოს წინაშე გახსნილია „შესაძლებლობის ფანჯარა“, რომლის გამოსაყენებლად ჩვენმა ხელისუფლებამ მინიმალური კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენი ხელისუფლება არა თუ შორს დგას ამ მინიმალური კრიტერიუმებისგან, არამედ საკუთარი ქმედებებით და განცხადებებით კიდევ უფრო მეტად შორდება მათ.
ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველოს წინაშე გახსნილია „შესაძლებლობის ფანჯარა“, რომლის გამოსაყენებლად ჩვენმა ხელისუფლებამ მინიმალური კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს
- ბერლინიდან თბილისში გამოფრენამდე ანალინა ბერბოკმა გაავრცელა განცხადება თუ რა თემებზე ისაუბრებდა იგი საქართველოს მთავრობასთან.
ამ განცხადებაში ნათქვამია - „მთავრობასთან იმაზე ვისაუბრებ, თუ რომელი ნაბიჯებია სავალდებულოდ განსახორციელებელი კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. დემოკრატიული სტანდარტებთან ერთად, ეს განსაკუთრებით ეხება მედიის თავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობას და ურთიერთპატივისცემით განმსჭვალულ ღია დებატებს, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ზოგჯერ შეხედულებები. ევროკავშირში ღირებულებები გვაერთიანებს და დარწმუნებული ვართ, ამ გზაზე შემოკლებები და შეღავათები შეუძლებელია."
თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ რა გვითხრა თბილისში ვიზიტად მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალინა ბერბოკმა?
- თბილისში ვიზიტად მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალინა ბერბოკმა გვითხრა ის, რაზეც წინა შეკითხვის პასუხში უკვე ნაწილობრივ ვისაუბრეთ. სიტუაცია სინამდვილეში საკმაოდ ცხადი და მარტივია. თუ მთავრობას მართლაც სურს, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მან ამისთვის გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.
სიტუაცია სინამდვილეში საკმაოდ ცხადი და მარტივია. თუ მთავრობას მართლაც სურს, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მან ამისთვის გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას
ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ ხელისუფლებას ასე საჯაროდ და პირდაპირ იმიტომ ესაუბრებიან, რომ როგორც ჩანს მისი მხრიდან ვერც სურვილს და ვერც მზაობას ხედავენ იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
ეს ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში ალბათ გაკვირვებას არ იწვევს. ჩემი აზრით, ხელისუფლების მხრიდან ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შემთხვევაში საზოგადოების ადეკვატური რეაგირება ექნება.
რაც მკაფიოდ ჩანს ის გახლავთ, რაზეც წარსულშიც არა მხოლოდ ჩვენ გვისაუბრია. კერძოდ, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საზოგადოებაში არსებული კონსენსუსის მოშლის გამალებული მცდელობა, რუსული ტექნოლოგიებისა და ინსტრუქციების მეშვეობით
- იმისათვის რომ ქვეყანამ წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებები გასაგები და მარტივად აღქმადია.
მაგრამ, იმის გათვალისწინებით, თუ რა განცხადებები კეთდება მმართველი გუნდის მიერ იგივე 12 ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად, ძნელი დასაჯერებელია, რომ ოფიციალურ თბილისს ესმის თუ რას გვეუბნებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები.
ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, მსოფლიო მნიშვნელოვნად შეცვლილია. თუ მანამდე ძალიან შორეულ პერსპექტივად გამოიყურებოდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა, ახლა ვითარება სულ სხვაგვარია და შეიძლება ითქვას ევროპისა და ნატოს კარი ფართოდაც კია ღია.
ამ დროს, სახელისუფლებო გუნდის ლიდერები აცხადებენ, რომ ჩვენი ამერიკელი, ევროპელი პარტნიორები, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი „რეალობასაა აცდენილი“.
სავარაუდოდ, რამდენად ადეკვატურია საქართველოს ხელისუფლების პასუხი ევროპულ გზავნილებზე?
- საქართველოს ხელისუფლების პასუხი ევროპულ გზავნილებზე „ადეკვატურად“ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ, თუ მან შეცვალა ქვეყნის საგარეო კურსი და უბრალოდ ამას არ აცხადებს. სამწუხაროდ, ხელისუფლების ქმედებებსა და განცხადებებში სამწუხაროდ ადეკვატურობის ნიშანწყალი არ ჩანს.
რაც მკაფიოდ ჩანს ის გახლავთ, რაზეც წარსულშიც არა მხოლოდ ჩვენ გვისაუბრია. კერძოდ, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საზოგადოებაში არსებული კონსენსუსის მოშლის გამალებული მცდელობა, რუსული ტექნოლოგიებისა და ინსტრუქციების მეშვეობით.
„აგენტების“ კანონის პარლამენტში ხელახალი ინიციირება ნაკლებად მოსალოდნელია. რაც მოსალოდნელია ხელისუფლების მხრიდან, ეს ალბათ არის უფრო მეტი სიმძაფრით იერიშის მიტანა იმათზე ვისაც ოპონენტებად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ოპოზიციას, არამედ მაგალითად სამოქალაქო საზოგადოებას და მას-მედიას
- მას შემდეგ, რაც „აგენტების“ კანონთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა ჩვენი დასავლელი პარტნიორების გაფრთხილებები კანონპროექტი ჯერ დაარეგისტრირა, შემდეგ პირველი მოსმენით მიიღო, მაგრამ აქციების შემდეგ ეს კანონი თავად „ჩააგდო,“ იყო მოლოდინი, რომ სახელისუფლებო გუნდმა უარი თქვა აშკარად ანტიდასავლურ კანონზე.
დრომ აჩვენა, რომ სახელისუფლებო გუნდი აგრძელებს იმაზე საუბარს, რომ კანონი „აგენტების“ შესახებ მისაღებია, რადგან ანალოგიური კანონის მიღებაზე საუბრობენ როგორც კანადაში, ავსტრალიაში, ისე ევროკავშირში.
არადა, ფაქტია ისაა, რომ როგორც 1938 წელს აშშ-ში მიიღეს კანონი თავი დაეცვათ ჰიტლერის ფაშისტური პროპაგანდისგან ქვეყანა, ახლა კანადაში, ავსტრალიაში და ევროკავშირშიც ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ დაიცვან თავი რუსული პროპაგანდისგან.
რას შეიძლება ნიშნავდეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან ამ თემაზე მსჯელობები? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მმართველმა გუნდმა „აგენტების“ კანონი დასამტკიცებლად ისევ შემოიტანოს?
- უახლოეს მომავალში „აგენტების“ კანონის პარლამენტში ხელახალი ინიციირება ნაკლებად მოსალოდნელია. რაც მოსალოდნელია ხელისუფლების მხრიდან, ეს ალბათ არის უფრო მეტი სიმძაფრით იერიშის მიტანა იმათზე ვისაც ოპონენტებად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ოპოზიციას, არამედ მაგალითად სამოქალაქო საზოგადოებას და მას-მედიას.
ჩვენ სამწუხაროდ , ხშირად გვიწევს ხოლმე რუსეთთან პარალელების გავლება. უნდა ითქვას, რომ პუტინის რეჟიმისთვის საზოგადოებაზე კონტროლის მოსაპოვებლად ალბათ ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი იყო მას-მედიაზე, განსაკუთრებით ტელე-მედიაზე კონტროლის მოპოვება.
ის მექანიზმები რასაც პუტინის რეჟიმი მას-მედიის კონტროლისთვის იყენებს ჩვენთან ნაწილობრივ უკვე გადმოტანილია. მაგალითად, პუტინის ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან მოყოლებული რუსეთის მას-მედიის სხვადასხვა საშუალება თანდათანობით გადავიდა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენებისა და კომპანიების ხელში.
მხოლოდ აქ მთავარი ის პირობა იყო, რომ ამ მას-მედიის საშუალებების საქმიანობა ხელისუფლების სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას უნდა მომსახურებოდა.
არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ საქართველოში სახეზეა უკვე იგივე შემთხვევები მას-მედიასთან მიმართებაში. მაგრამ ჩვენთან, რუსეთისგან განსხვავებით კიდევ რჩებიან ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი მას-მედიის საშუალებები, რომლებიც მართალია ისედაც გადაქცეული არიან ხელისუფლების სამიზნედ, თუმცა მგონია, რომ ახლა მათზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება.
ამას კიდევ უფრო მეტად მაფიქრებინებს მაგალითად ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ გამძაფრებული კამპანია.
- მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა „აგენტების“ შესახებ კანონი თავად „ჩააგდო“, დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობაა და მას არასასურველი დინამიკა აქვს.
ახალ პოლიტიკურ რეალობას ხელისუფლება არ იმჩნევს ოპოზიცია კი იმჩნევს, მაგრამ, ფაქტია, რომ მომხდარზე ოპოზიციის რეაქციაც გავლენას ვერ ახდენს თუ შეიძლება ასე ითქვას „სახელისუფლებო გუნდის შეკავებაზე“.
„აგენტების“ კანონის „ჩაგდების“ შემდეგ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ მომავალშიც ანგარიშის გაწევა საზოგადოებაში არსებული განწყობებისთვის, მაგრამ ახალგაზრდებთან დაკავშირებით ხელისუფლების რიტორიკა, ამგვარი იმედებიც გაფანტა.
ამას ხელის შეუწყო იმაზე საუბარმა, რომ თითქოს, დასავლელი პარტნიორები საქართველოს „ცალ ფეხზე დგომას“ აიძულებენ. ახლა ხელისუფლება მუქარაზე უფროა გადასული ვიდრე საზოგადოებასთან დიალოგზე. თავდასხმები პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ასევე ის, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები უარს ამბობენ არასახელისუფლებო ტელევიზიებში სტუმრობაზე, 7-8-9 მარტის შემდეგ ჩამოყალიბებულ ახალ პოლიტიკურ რეალობას მეტ სიმძაფრეს მატებს.
ის დინამიკა, რომელიც პოლიტიკური პროცესს აქვს შეძენილი არაფერ კარგს არ უქადის არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას და რაც მთავარია არც ქვეყანას. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა შეძლონ ხელისუფლების დარწმუნებას იმაში, რომ როგორ საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში კორექტივებია შესატანი?
- რთულია ამ შეკითხვაზე პასუხი, რადგან საქართველოში სამწუხაროდ გვაქვს „არაფორმალური მმართველობის“ მოდელი.
ხელისუფლებამ რამენაირად უნდა მოახერხოს იმის გაცნობიერება, რომ რუსეთი კი არ იმარჯვებს უკრაინაში, არამედ მარცხდება
თუმცა, მაინც შეიძლება დავუშვათ, რომ ამის ალბათობა გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მკაფიოდ დაინახავს, რომ საზოგადოება ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს და ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მომავალზე დადებითად არ აისახება.
მეორე ფაქტორი, რამაც ამაზე შეიძლება იმოქმედოს, ჩემი აზრით, ის გახლავთ, რომ ხელისუფლებამ რამენაირად უნდა მოახერხოს იმის გაცნობიერება, რომ რუსეთი კი არ იმარჯვებს უკრაინაში, არამედ მარცხდება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი