ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2023 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 18,8 ათასი ტონა, რაც 10,8 ათასი ტონით ანუ 135%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (8 ათასი ტონა) შედარებით.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის 2 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 13 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 69,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი - 3,1 ათასი ტონა (16,5%); თურქეთი - 2,1 ათასი ტონა (11,2%); აზერბაიჯანი - 0,6 ათასი ტონა (3,2%);
„2023 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 7,1 ათასი ტონა, რაც 2,3 ათასი ტონით ანუ 47,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,8 ათასი ტონა) შედარებით.
2023 წლის 2 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,7% (7,11 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.