ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივითა და აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდის მხარდაჭერით, შეხვედრა გაიმართა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიებაზე, საქართველოში, ინფექციასთან ბრძოლისთვის გატარებულ ღონისძიებებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ქვეყანას, უკანასკნელ პერიოდში, ტუბერკულოზის მართვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. საქართველომ შეძლო ტუბერკულოზის ინციდენტობის 50%-ით შემცირება.
„ქვეყანაში მოქმედებს „ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია ინფიცირების შემთხვევების ეფექტური დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ტუბერკულოზით ავადობის, სიკვდილიანობის, საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირება და ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობის განვითარების პრევენცია.
პროგრამის ფარგლებში, ხელმისაწვდომია ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა. ასევე, ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომია ხარისხიანი, უახლესი თაობის ანტიტუბერკულოზური მედიკამენტები. მომსახურებები ფინანსდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სენსიტიური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის წარმატების მაჩვენებელმა 87%-ს, ხოლო რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის წარმატებულმა შედეგებმა 75%-ს მიაღწია, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა წინა წლებთან შედარებით.
ტუბერკულოზის დღისადმი გამართულ ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და პაციენტთა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს, ტუბერკულოზის სფეროში შეტანილი წვლილისთვის, ექიმების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.