23 მარტს, თბილისში, სახელოვანი სომეხი მწერლის, ჰოვანეს თუმანიანის ხსოვნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერია, სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით სულის სიმშვიდისთვის პანაშვიდის წესის აგებით დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, იმავე დღეს საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენის გახსნის ცერემონია გაიმართა სახელწოდებით „თუმანიანი და ტფილისი".
„ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალფრედ ქოჩარიანი, ჰოვანეს თუმანიანის მუზეუმის დირექტორი ანი ეღიაზარიანი, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე.
გამოფენაზე წარმოდგენილია თუმანიანის ხელნაწერები, ფოტოსურათები, წიგნების ექსკლუზიური კოლექცია პოეტის პირადი ბიბლიოთეკიდან, რომელიც ეძღვნება ქართულ კულტურას, ასევე „იდუმალი ყუთი", რომელშიც 100 წლის წინ მოთავსებული იყო პოეტის გული, სანამ დაკრძალავდნენ.
გამოფენა მიმდინარე წლის 13 აპრილამდე გაგრძელდება.
ღონისძიება სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის სომეხთა ეპარქიის, ჰოვანეს თუმანიანის მუზეუმის (ერევანი), გ.ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის, „ჰოვანეს თუმანიანის სახლი" კულტურულ სამეცნიერო ცენტრის (თბილისი), „ჰაიარტუნ" საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრის (თბილისი) და კომიტასის მუზეუმ-ინსტიტუტის (ერევანი) ორგანიზებით გაიმართა“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.