ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრის, სლავიანკა პეტროვსკაიას განცხადებით, მაკედონიის მთავრობა უკრაინას Mi-24 ტიპის 12 ერთეული ვერტმფრენის გადაცემას შესთავაზებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ქვეყნის გენერალურმა შტაბმა დაასრულა ანალიზი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ქვეყანას Mi-24 ვერტმფრენების უკრაინისთვის მიწოდება. მინისტრის თქმით, ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებას წარადგენენ.
სლავიანკა პეტროვსკაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს ჩრდილოეთ მაკედონიის არმიის საბრძოლო შესაძლებლობებზე.
„მთელი ის ტექნიკა რაც გადაეცათ, გარდა იმისა, რომ უკრაინელების მოთხოვნით მოხდა, მათ სჭირდებათ და ეს ტექნიკაა რომელსაც უკრაინის არმია ეფექტურად იყენებს“, - განაცხადა პეტროვსკაიამ.