უკრაინა "კრემლის ბირთვული შანტაჟის" გამო დაუყოვნებლივ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს.
უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ ბელორუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას აპირებს.
„უკრაინა გაერთიანებული სამეფოს, ჩინეთის, შეერთებული შტატების და საფრანგეთის მხრიდან კრემლის ბირთვული შანტაჟის საპირისპიროდ ეფექტურ ქმედებებს ელის... ჩვენ მოვითხოვთ ამ მიზნით სასწრაფოდ მოიწვიონ გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა”, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კიევი რუსეთის ტაქტიკურ ბირთვულ გეგმებს "კიდევ ერთ პროვოკაციულ ნაბიჯს" უწოდებს და აცხადებს, რომ ის ძირს უთხრის "მთლიანად საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას". უკრაინა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს, მიიღოს გადამწყვეტი ზომები აგრესორი სახელმწიფოს მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ნებისმიერი შესაძლებლობის ეფექტურად აღსაკვეთად.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ.