ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირის ადვოკატებმა მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის აცილებას მოითხოვეს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
პროცესზე, სადაც დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა უნდა წარმოთქვას, "გრინსერვის პლუსის" დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა.
ჩოფიკაშვილის განმარტებით, რამდენიმე გარემოებასთან ერთად, აღნიშნული შუამდგომლობის მიზეზი მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული ეჭვია.
სხვა ადვოკატების განცხადებითაც, ბრალდებულებსაც და მათ ოჯახის წევრებსაც განცდა რჩებათ, რომ მოსამართლეს უკვე გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რაც მათივე თქმით, აცილების საფუძველია.
ამასთან, ადვოკატების განმარტებით, სწორედ ლაშა კლდიაშვილმა გასცა ბრალდებულების დაკავების განჩინება.
აღნიშნულ შუამდგომლობას პროკურატურა არ დაეთანხმა. პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განმარტებით, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და მისი დაყენების ფორმაც დარღვეულია. ამასთან, პროკურორის თქმით, შუამდგომლობა სუბიექტურ განცდებზეა დაფუძნებული.
მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მისივე თქმით, არანაირი სუბიექტური გარემოება არ არსებობს, რომ მისი აცილების შუამდგომლობა დააკმაყოფილოს.
როგორც კლდიაშვილმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ბრალდებულების დაკავების განჩინება მან გასცა, არ თამაშობს გადამწყვეტ როლს, რადგან მას ჰქონია პრეცედენტი, როცა დაკავების განჩინება გაუცია და შემდეგ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აღარ გამოუყენებია. მოსამართლის თქმით, სენსიტიური თემაა აღნიშნული საკითხი და საზოგადოება მხოლოდ სასამართლოს დარბაზით არ შემოიფარგლება და ისინიც უყურებენ, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).