საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ის თავს იკავებს იმის თქმისგან, რომ სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნი საჩივარი სრულად მზად არის, მაგრამ მისი თქმით, დაცვის მხარე ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებისთვის მუშაობს, რათა სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს.
როგორც შოთა თუთბერიძემ კლინიკა „ვივამედთან” ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილთან ბევრ რამეზე ისაუბრა.
„მათ შორის, საქართველოსთან და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ევროპაში განვითარებულ მოვლენებზე. ასევე, სამართლებრივი სტრატეგიის დაგეგმვის ნაწილი განვიხილეთ, როგორ და რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს მისი უფლებების დაცვა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
სტრასბურგში იგზავნება საჩივარი და არა სარჩელი, მაგრამ ამჟამად თავს შევიკავებ იმის თქმისგან, რომ ყველაფერი მზად გვაქვს. დაცვის მხარე ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებისთვის მუშაობს, რათა პრეზიდენტის უფლებები სრულად დაცული იყოს.
როგორც ჩემთვის ცნობილია, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები ჯერჯერობით არ შეხვედრიან მიხეილ სააკაშვილს. იმედი მაქვს, რომ მათ რაიმე ტიპის დაბრკოლება არ შეექმნებათ და შეხვედრა შედგება.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, პირველ რიგში, ძალიან უცნაურია, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით ყველა ცდება და მხოლოდ თვითონ არის მართალი. სირცხვილია, რომ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ჰყავს უფროსი. დარწმუნებული ვარ, ნორვეგიის მთავრობას დიდად არ აინტერესებს, ის რას იტყვის. მისი რიტორიკა არ შეესაბამება როგორც ევროპულ ღირებულებებს, ისე არც ქართველი ხალხის სულისკვეთებას”, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.