საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სტუდენტს, ძიუდოისტ ლუკა მაისურაძეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, თბილისის გრან სლემზე გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტმა, ევროპის პირველობის მოქმედმა გამარჯვებულმა, ლუკა მაისურაძემ, 90 კგ წონით კატეგორიაში, თბილისის გრან სლემზე (დიდი მუზარადი) მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის პრიზიორი გახდა.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავთ ჩვენს სტუდენტს, შესანიშნავ სპორტსმენს, ევროპის ჩემპიონსა და პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულს, ძიუდოისტ ლუკა მაისურაძეს კიდევ ერთ საერთაშორისო აღიარებას. ლუკა მზარდი სპორტსმენია და მისი სპორტული კარიერა კიდევ არაერთი გამარჯვებითა და ჯილდოთი შეივსება. წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფალავანს სპორტსა და სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში“, - აღნიშნავს რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.
უნივერსიტეტის ცნობითვე, თბილისის გრან სლემზე, 90 კგ წონით კატეგორიაში, ლუკა მაისურაძემ ფინალური ორთაბრძოლა ლაშა ბექაურთან ჩაატარა.