იაშვილის განახლებულმა საავადმყოფომ საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიასთან (AACI) ურთიერთანამშრომლობა დაიწყო.
იაშვილის საავადმყოფოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, AACI-ს სააკრედიტაციო პროგრამა შექმნილია ჯანდაცვის ხარისხის, პაციენტის უსაფრთხოების განვითარებისა და მომსახურების მუდმივი გაუმჯობესების მხარდასაჭერად.
„ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისია (AACI) არის დამოუკიდებელი ორგანო და ,,ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების/გარე შეფასების ასოციაციის“ აკრედიტებული წევრი, რომლის მიზანიც ჯანდაცვის სერვისების განვითარებისთვის შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების შემუშავება და ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელი კომპანიების აკრედიტაციაა.
ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიის (AACI) მიერ აკრედიტებულია ევროპის, აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის წამყვანი ჰოსპიტლები.
განახლებული იაშვილის საავადმყოფო განაგრძობს მუშაობას მუდმივი განვითარებისთვის, რათა კლინიკა გახდეს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, რეგიონის მთავარი პედიატრიული ცენტრი“, - აღიშნულია იაშვილის საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.