კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და „ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის“ ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია „ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოება“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, სამეცნიერო კონფერენციის ორ სექციაში 25-მდე მოხსენება წარადგინეს, რომელიც სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო, კიბერ და ეროვნული უსაფრთხოების სხვა აქტუალურ საკითხებს ეხებოდა. ასევე კონფერენციის სამუშაო თემატიკა მოიცავდა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და საერთაშორისო პოლიტიკის მიმდინარე საკითხვებს.
„კონფერენციას მოდერატორობას უწევდნენ CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ალიკა გუჩუა და „ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის“ დირექტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, დავით კუხალაშვილი.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით მოდერატორებთან ერთად წარდგნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი; CIU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ნანა ამირანაშვილი; სახელმწიფო და კორპორაციული უშიშროების სპეციალისტ-ანალიტიკოსი, თენგიზ ენდელაძე; საერთაშორისო კანონმდებლობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და პენიტენციალური სისტემის რეფორმის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, ემზარ საბანაძე; საქართველოს სადაზვერვო სამსახურის უფროსი 1991-92, 1994-97 წლებში, გურამ რეხვიაშვილი.
სამეცნიერო კონფერენციაზე ასევე გაიმართა დავით კუხალაშვილის მოგრაფიების - „სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საქმიანობის როლი სახელმწიფო მმართველობაში, ეროვნულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაში“ და „სადაზვერვო საქმიანობის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საგარეო პოლიტიკაში“ - პრეზენტაცია, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო პროექტის ფარგლებში გამოიცა.
კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.