სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლებლებში ადმინისტრაციული თანამდებობის პირების არჩევა/დანიშვნის მიმართულებით არსებული ასაკობრივი შეზღუდვა უქმდება.
პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეფუძნება, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მუხლი, რომლის თანახმად, “სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნას 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც 65 წელს მიაღწია, აკადემიური თანამდებობიდან აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ განთავისუფლდება“.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, კანონიდან იმ ნორმების ამოღება ხდება, რომლის გათვალისწინებით, უმაღლეს სასწავლებლების აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნას 65 წელს მიღწეული პირი.
“უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონიდან იმ პუნქტების ამოღებაც იგეგმება, რომლის მიხედვით, 65 წლის ასაკს მიღწევა პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძველია.
კანონპროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა.