საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.
როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრმა შეხვედრაზე, სამინისტროს ფარგლებში მიმდინარე რეფორმები განიხილა და სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის გზაზე, PACE-ს მონიტორინგის კომიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
„საუბარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ მიღწეულ გამარჯვებებსა და საქართველოს მიმართ არსებული საჩივრების მკვეთრი კლების ტენდენციას შეეხო. კერძოდ, ათი წლის წინ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 3000-მდე საქმე განიხილებოდა, ხოლო მიმდინარე წელს - მხოლოდ 147, რაც საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგი და შიდა სასამართლოებისადმი მოქალაქეთა ნდობის გაძლიერების გამოხატულებაა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებების ეროვნულ დონეზე აღსრულების გაძლიერების მიზნით გასულ წელს საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პუნქტიდან შესრულებული ერთ-ერთი რეკომენდაცია.
მინისტრის თქმით, უწყება ადამიანის უფლებების გაძლიერებისთვის მუშაობას აგრძელებს. ამისთვის ახალი პენიტენციური კოდექსი და სტრატეგია შემუშავდა, აქტიურად მიმდინარეობს პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამები, მსჯავრდებულებისთვის ციფრული უნივერსიტეტი შეიქმნა, გაფართოვდა დასაქმების შესაძლებლობები, შემუშავდა სპორტის მართვის სტრატეგია, ციხის გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად, გაზაფხულის ბოლოს ლაითურში ახალი ციხე გაიხსნება“, - აღნიშნულია უწყების მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.