სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რაჟდენ კუპრაშვილმა დელეგაციას მადლობა გადაუხადა საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობისთვის. გააცნო ის საკანონმდებლო ცვლილებები, რის საფუძველზეც შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს.
მათივე ცნობით, საუბარი ასევე შეეხო ბიუროს სამომავლო გეგმებსა და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერის როლს ბიუროს ეფექტურ ფუნქციონირებაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ კლოდ კერნი - საფრანგეთი, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის; ედით ესტრელა - პორტუგალია, სოციალისტების ჯგუფი; ბას კლეინი - სამდივნოს უფროსის მოადგილე, ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტი; ნატალია ვუტოვა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი; ერეკლე კოპლატაძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მდივანი.