„სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე ჯანდაცვის მინისტრს და პრემიერ- მინისტრს მიმართავს, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების საჭიროებებზე ყურადღების გამახვილება დაიწყონ.
ჭალიძის თქმით, საუბარი დაახლოებით, ოცამდე ბავშვზეა, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაც ჩინოვნიკების ნებაზეა დამოკიდებული.
„მივმართავ ორ ჩინოვნიკს, ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს სჭირდებათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის საქართველოში შემოტანა და მისი ფინანსური უზრუნველყოფა. ბავშვების მშობლები წელიწადზე მეტია ითხოვენ ყურადღებას, მაგრამ ამაოდ. ჩინოვნიკებს მათთვის არ სცალიათ. არადა, სულ ოცამდე ბავშვზეა საუბარი.
ჯანდაცვის სისტემით რომ ამაყობთ და სინამდვილეში ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არაფრად აგდებთ, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება თქვენზე და თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და იმოქმედეთ!პრიორიტეტები გადაახალისეთ, ბავშვების ჯანმრთელობაზე მეტი პრიორიტეტი რა გაქვთ?
თანადგომას ვუცხადებ მშობლებს, რომლებიც იბრძვიან შვილების ჯანმრთელობისთვის”, - აცხადებს თეონა ჭალიძე.