საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძობს დამსაქმებლებთან - საქართველოში მოქმედ სხვადასხვა პროფილის კომპანიებთან სტუდენტების ინტერაქციური შეხვედრების ციკლის ორგანიზებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და მაგისტრანტების სტაჟირების, ასევე, სამომავლო დასაქმების მიზნით, მიმდინარე კვირაში შეხვედრები მოაწყო ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორიცაა: „ჰუავეი-საქართველო“, "კრედო ბანკი" და თბილისისა და მცხეთის წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“.
დამსაქმებელთან შეხვედრებს ესწრებოდნენ სტუ-ის სამშენებლო, ენერგეტიკის, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების, სამთო-გეოლოგიური, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის, ბიზნესტექნოლოგიების, ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ნატო ქათამაძე, ფაკულტეტების დეკანები, მენეჯერები და პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელი და დამსაქმებელი კომპანიების ადამიანური რესურსების მართვისა და ინჟინერიის სამსახურების მენეჯერები.
ინტერაქციურ შეხვედრებზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს კომპანიების წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია თავიანთი ორგანიზაციების სპეციფიკის, პრიორიტეტული ბიზნესმიმართულებების, ძირითადი ტექნიკური საჭიროებების, მოკლე თუ გრძელვადიანი სტაჟირებების, სამომავლო დასაქმების პერსპეტივების, მენტორინგის სისტემის, სასწავლო მექანიზმებისა და კარიერის განვითარების შესახებ. გარდა ამისა, დეტალურად ესაუბრნენ აქტიური ვაკანსიების შესახებ და გააცნეს მათ შეთავაზებულ პოზიციებზე დასაქმების რეალური შესაძლებლობი. დამსაქმებელი კომპანიების მენეჯერებმა უნივერსიტეტთან და დაინტერესებულ სტუდენტებთან ღია, წარმატებული კოლაბორაცისა და გამოცდილების აქტიურად გაზიარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. მათი განცხადებით, კომპანიებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწავლების პროცესია და შესაბამისად, მათთან ძლიერი და კარგად სტრუქტურიზებული სასწავლო პლატფორმები ფუნქციონირებს. მათი თქმით, აღნიშნული პლატფორმებით სარგებლობა სტაჟირებაზე მყოფ სტუდენტებსაც შეეძლებათ.
როგორც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ნატო ქათამაძე აცხადებს, უნივერსიტეტში გრძელდება დამსაქმებელ კომპანიებთან შეხვედრები, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, პირადად გაეცნონ დამსაქმებლის საჭიროებებს, დაამყარონ მათთან ინტერაქციური კომუნიკაცია და დასახონ საუკეთესო გზები სამომავლო კარიერული განვითარებისთვის.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების კარიერული განვითარების პროექტის ფარგლებში, აქტიურად ვაგრძელებთ შეხვედრების სერიას დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის. მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩვენი უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტეტის სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, შეხვედროდნენ „ჰუავეი-საქართველოს“, "კრედო ბანკისა" და „ჯივიპის“ სხვადასხვა მიმართულების მენეჯერებს, მიეღოთ სრული ინფორმაცია კომპანიების საქმიანობის, პრიორიტეტებისა და აქტიური ვაკანსიების შესახებ. რაც მთავარია, უნივერსიტეტში დამსაქმებლებთან შეხვედრების გარემო მთლიანად უზრუნველყოფს ინტერაქციური კომუნიკაციის დამყარებასა და ღიაობას, რაც ვფიქრობთ, უაღრესად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. სამივე კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს შეხვედრების პროცესშივე შესთავაზეს აქტიური ვაკანსიები და შეავსებინეს სპეციალური ფორმები. ჩვენი სტუდენტების დასაქმება ამ კომპანიებში შესაძლებელი გახდება სტაჟირების გავლის შემდეგ და ეს სტაჟირება კომპანიის მხრიდან ანაზღაურებადი იქნება. ის სტუდენტები კი, რომლებიც მაქსიმალურად გამოავლენენ თავიანთ უნარებსა და ცოდნას, წარმატებით დასაქმდებიან ამ კომპანიებში და მომავალშიც მიეცემათ კარიერული განვითარების შესაძლებლობა. უნივერსიტეტის მთავარი მიზანია, მუდმივად ვიყოთ კოლაბორაციაში დამსაქმებელთან, შევახვედროთ სტუდენტებს, გავუადვილოთ დასაქმების პროცესი ახალგაზრდებს, და რაც ყველაზე მთავარია, ვიყოთ ხიდი ახალგაზრდა თაობასა და დამსაქმებელს შორის, რათა სტუდენტებმა უნივერსიტეტის მხრიდან ცალსახად იგრძნონ ძლიერი მხარდაჭერა და ზრუნვა მათი კარიერული განვითარებისთვის, ხოლო დამსაქმებელმა თვალნათლივ დაინახოს, რომ უნივერსიტეტთან აქტიური კოლაბორაციის შედეგად, გაცილებით მარტივად მოიძიებს ახალგაზრდა კვალიფიციურ კადრებს“, - აღნიშნავს ნატო ქათამაძე.
შეხვედრების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა „ჰუავეი-საქართველოს“, "კრედო ბანკისა" და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წარმოდგენილ აქტიურ ვაკანსიებზე განაცხადები შეავსეს. როგორც კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, განაცხადების განხილვისა და ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ, დაინტერესებული სტუდენტები, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, კომპანიებში რამდენიმეთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.