დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პროფესორს, დიმიტრი შველიძეს ესაუბრა.

- ბატონო დიმიტრი, მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა ჯერ პირველი მოსმენით კენჭი უყარა „აგენტების“ შესახებ კანონს, ხოლო შემდეგ ქუჩაში გამოსული ხალხის გამო „ჩააგდო“ იგი, როგორც მინიმუმ, ქვეყანა ახალ რეალობაშია.

ფაქტია, რომ ამას მმართველი გუნდი არ აღიარებს, დაზიანებულ რეპუტაციას არ იმჩნევს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ქვეყანა თვისობრივად ახალ პოლიტიკურ რეალობაშია.

პარლამენტში განვითარებულმა პროცესებმა, მხედველობაში მაქვს პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მმართველი გუნდი აგრძელებს იმაზე საუბარს, რომ „ახალგაზრდები მოატყუეს“,, რომ დასავლეთი, რომელშიც ინტეგრაცია გვინდა, „ომში გვითრევს“, ოპოზიცია კი ვერ ახერხებს ვერც ახალ დღის წესრიგზე ჩამოყალიბებას და ვერც ახალ რეალობაში პოლიტიკის განსაზღვრას.

მესმის, რომ პარლამენტში განვითარებული პროცესები, 7-8 მარტის მოვლენებზე ხელისუფლების რეაქცია, ოპოზიციასთან დაკავშირებული თემები ცალკე სასაუბრო საკითხებია, მაგრამ მოდით ჩვენი საუბარი 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ შექმნილი ვითარებების შეფასებით დავიწყოთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ ახალ რეალობას, რომელშიც ქვეყანა 7-8 მარტის ქუჩის აქციების შემდეგ აღმოჩნდა?

- აქამდე პოლიტიკური დისკურსს ქმნიდა ორპოლუსიანი სპექტრი - ხელისუფლება და ოპოზიცია, რაც ჩვეულებრივი რეალობაა მეტ-ნაკლები დემოკრატიის ქვეყნებში. ხელისუფლებას ჰქონდა ფუფუნება და დღესაც გააჩნია, რომ მოქმედებდეს, სერიოზულად დასუსტებული ოპოზიციის პირობებში.

ამგვარ ორპოლუსიანობაში ხელისუფლება ლაღად და თავდაჯერებულად გრძნობს თავს და რაც შეიძლება ცდილობს, თავისთვის სასურველი გადაწყვეტილებები და პროექტები განახორციელოს. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ უცხოური გავლენის აგენტების ჩაფიქრებული კანონპროექტი. სხვა დროს და სხვა ვითარებაში შეიძლება ამ კანონის მიღებას „მშვიდი ცურვის“ ატმოსფეროში ჩაევლო.

ახალგაზრდობა მონაწილეობას ყოველთვის იღებდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმატის აქტივობებში. მაგრამ, ამჯერად მისმა გამოსვლამ - ახალი ფაქტორი შექმნა პოლიტიკურ რეალობაში და ერთგვარად დაარღვია ორპოლუსიანი განლაგება

მაგრამ „აგენტობის“ კანონის პროექტის წინააღმდეგ მოულოდნელად სრულიად ახალი ძალა გამოვიდა - ახალგაზრდობა. ეს არ მომხდარა პირველად. ახალგაზრდობა მონაწილეობას ყოველთვის იღებდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმატის აქტივობებში. მაგრამ, ამჯერად მისმა გამოსვლამ - ახალი ფაქტორი შექმნა პოლიტიკურ რეალობაში და ერთგვარად დაარღვია ორპოლუსიანი განლაგება.

- ბრძანეთ, პოლიტიკურ ასპარეზზე ახალგაზრდობა გამოვიდა, რომელმაც „აგენტების“ კანონის არმიღებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

ახალგაზრდობის თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ კარგი იქნება თუ ჯერ საუბარს ქართული პოლიტიკის მთავარ აქტორებზე მსჯელობით გავაგრძელებთ.

მიუხედავად იმისა, რომ იყო მოლოდინი რომ პრემიერი თვისობრივად ახალ ასპექტებზე გაამახვილებდა ყურადღებას, მისმა პასუხებმა საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა.

საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე მმართველი გუნდის მკაფიო პოზიციების არქონასაც რომ თავი დავანებოთ, თვალშისაცემი გახლდათ საპარლამენტო რესპუბლიკისთვის ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის აშკარად მიუღებელი დამოკიდებულება.

გასაგებია, რომ მე-11 წელია ხელისუფლებისა და ოპოზიციის გაუთავებელ ომს ვადევნებთ თვალს, მაგრამ პარლამენტში განვითარებულმა პროცესებმა ცხადად დაგვანახა, რომ ჩვენი პარლამენტი არ გაქვს იმ ქვეყნის პარლამენტს, რომელსაც აქვს პრეტენზია საპარლამენტო რესპუბლიკა ერქვას.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პარლამენტში ერთი მხრივ მმართველი გუნდის, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციის ქცევამ?

- მინდა საზოგადოებას გავახსენო, რომ ამ რამდენიმე წლის წინ, პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების სხდომათა ოქმების რვატომეული.

რა თქმა უნდა, ოქმებში, მრავალი მწვავე დებატია აღწერილი, პირად შეურაცხყოფებსაც ჰქონდა ადგილი და ფიზიკურ დაპირისპირებასაც. მაგრამ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების სხდომათა ოქმების რვატომეულში, რომელშიც თითოეული ტომი 600 გვერდზე ნაკლები არცერთია, თქვენ ვერ შეხვდებით ისეთ ლანძღვა-გინების კორიანტელს, რასაც ჩვენი პარლამენტის კედლები დიდი ხანია უძლებს.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების სხდომათა ოქმების რვატომეულში, რომელშიც თითოეული ტომი 600 გვერდზე ნაკლები არცერთია, თქვენ ვერ შეხვდებით ისეთ ლანძღვა-გინების კორიანტელს, რასაც ჩვენი პარლამენტის კედლები დიდი ხანია უძლებს

ვის შეიძლება მოსწონდეს ეს? როგორც ჩანს, ჩვენს პარლამენტარებს, დიდად არ აწუხებთ, რას ფიქრობს საზოგადოება მათ შესახებ. თუ ოსკარ უაილდის პარადოქსს დავუჯერებთ, ის ამბობს, რომ როდესაც ყველანი დამნაშეები არიან, არავინ არ არის დამნაშავე. ჩვენი დეპუტატებიც ალბათ ასე ფიქრობენ.

- მიუხედავად იმისა, რომ ყველა საუბრობს იმაზე, რომ ქვეყნის მთავარი ამოცანაა წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, რეალურად ბევრი არც არაფერი კეთდება 12 ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად.

რეკომენდაციების შესრულებაში რომ გადამწყვეტი როლი და პასუხისმგებლობა მმართველ გუნდზეა ფაქტია. იყო მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი მოახდენდა ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად საზოგადოების კონსოლიდაციას.

მაგრამ, ამის მსგავსი არაფერი ხდება. რაც ჩანს, ჯერ ისაა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ხელისუფლების მხარდამჭერი აქციისთვის უფრო ემზადებიან, ვიდრე ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად.

ვიცით, რომ ქუჩის აქციისთვის ემზადება „ნაცმოძრაობაც“. დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს სურს იმის დემონსტრირება, რომ მას ოპოზიციაზე მეტი მხარდამჭერები ჰყავს.

თუ ასე გაგრძელდა, პოლიტიკა პარლამენტიდან ქუჩაში გადაინაცვლებს. მეტიც, ევროპული რეკომენდაციის ერთი პუნქტის - დეპოლარიზაციის შესრულებისკენ კი არა, არშესრულებისკენ იდგმება ნაბიჯები.

რა გამოდის - დეპოლარიზაციის დასრულებით არც ხელისუფლება და არც „ნაცმოძრაობა“ არ არიან დაინტერესებული?

- პირიქით, დეპოლარიზაციის დასრულებით ორივე მხარეა დაინტერესებული. ოღონდ, ჩვენი წარმოვიდგენთ, ორივე მხარემ უნდა შეძლოს ერთმანეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობა. მათი წარმოდგენით კი - ერთ-ერთმა უნდა გაანადგუროს მეორე ისე, რომ მისი აქტიური პოტენციალის ლიკვიდირება მოახდინოს.

მაგალითად, ხაბეიშვილი და მისი პარტია „ოცნების“ განეიტრალებას შეძლებს, წაართმევს ხელისუფლებას და გაანეიტრალებს მისი, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგის რესურსს, მაშინ პოლარიზაციაც დასრულდება და ევროკომისიის მოთხოვნების პირველი პუნქტიც შესრულებულად ჩაითვლება.

- ახლა როცა უკრაინის ომის ფონზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია მომხდარო მსოფლიო პოლიტიკაში, ევროპის წამყვანი ქვეყნის ლიდერები გვეუბნებიან რომ საქართველოსთვის ევროპის კარი „ფართოდაა ღია“, ნატოს პერსპექტივების კონტურები სულ უფრო ხილული გახდა, ამ დროს საქართველოს საგარეო კურსს მკაფიოობა აქვს დაკარგული სულ მეტად გაუგებარი ხდება.

ზოგი ამგვარ შეფასებას არ იზიარებს, ზოგი პირიქით, თვლის, რომ საზოგადოებაში საგარეო პოლიტიკის გამო აზრთა სხვადასხვაობა არის ის თემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქვეყანაში დაპირისპირება.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა. მეტიც სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე.

წარმოუდგენელია ხელისუფლებას არ ესმოდეს, რომ სამოქალაქო დაპირისპირებას ქვეყანა კიდევ ერთხელ ვერ გადაიტანს. წესით ეს ოპოზიციასაც უნდა ესმოდეს.

თუ ეს ორივეს ესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობა მაინც მაღალი რჩება?

- აქამდე ჩვენ ქართული პოლიტიკური სპექტრის აქტორებზე და მხარეებზე ვსაუბრობდით, მაგრამ იმ დაპირისპირებაში, რომელიც 30-ზე მეტი წელია გრძელდება, ჩვენი პოლიტიკური პროტაგონისტების დანაშაული მეორეხარისხოვანია. არსებობს მათზე უფრო ძლიერი გარემოება და ძალა - ძალთა განაწილება საერთაშორისო პოლიტიკაში.

ჩვენს საზოგადოებას რომ ცალმხრივი გადაწყვეტილება მიეღო და დარჩენილიყო ყოფილი მეტროპოლიის გავლენის სფეროში, სხვა რეალობაში ვიცხოვრებდით, დაახლოებით ისე როგორც დღეს ჩრდილოეთის მეზობელ ქვეყანაში, ვიბრძოლებდით უკრაინის წინააღმდეგ, რუსული არმიის რიგებში ან მის გვერდით. მაგრამ შიდა პოლიტიკურ კონფრონტაციას ადგილი აღარ ექნებოდა.

მაგრამ, ჩვენმა საზოგადოებამ და ხალხმა სხვაგვარად გადაწყვიტა და მტკიცედაც - რომ ჩვენ ევროპულ ცივილიზაციას უნდა დავუბრუნდეთ. ეს ადვილი არ აღმოჩნდა და ჩვენ არაერთხელ დავისაჯეთ დასავლური არჩევანის გამო.

ჩვენმა საზოგადოებამ და ხალხმა სხვაგვარად გადაწყვიტა და მტკიცედაც - რომ ჩვენ ევროპულ ცივილიზაციას უნდა დავუბრუნდეთ. ეს ადვილი არ აღმოჩნდა და ჩვენ არაერთხელ დავისაჯეთ დასავლური არჩევანის გამო

უკვე ზვიად გამსახურდიას დროიდან დღემდე, ჩვენში მყარად შეიქმნა პოლიტიკური კლასის ორი ბანაკი და მათი მხარდამჭერი საზოგადოება - პროდასავლური და რუსეთუმე.

პარადოქსი კი იმაში მდგომარეობს რომ რომელიმე ბანაკის გამარჯვება, ხშირად - ამ ქართული ბანაკების გამარჯვებაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ - უფრო იმაზე, ვისი ინტერესი დაძლევს საქართველოში - დასავლეთის თუ რუსეთის. ერთი სიტყვით - მარტო ჩვენი გადასაწყვეტი არ არის საქართველოს ადგილის განსაზღვრა გეოპოლიტიკურ რუკაზე.

უკრაინის ომმა საკითხი გაამწვავა და ჩვენი მფარველი თუ მფარველობის მოსურნე „დიდი ონავრები“, როგორც ილია უწოდებდა დიდ მოთამაშეებს, გადაჭრილ პასუხს გვთხოვენ - სად ვართ და რომელ მხარეს უნდა დავდგეთ ამ სამყაროში. სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება - გლობალურ სამყაროში, ჩვენს პატარა ქვეყანაში, მუდამ იქნება მწვავე ურთიერთდაპირისპირება - ორ პოლუსიან განზომილებაში - ჩრდილოეთი თუ დასავლეთი.

უკრაინის ომმა საკითხი გაამწვავა და ჩვენი მფარველი თუ მფარველობის მოსურნე „დიდი ონავრები“, როგორც ილია უწოდებდა დიდ მოთამაშეებს, გადაჭრილ პასუხს გვთხოვენ - სად ვართ და რომელ მხარეს უნდა დავდგეთ ამ სამყაროში. სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება - გლობალურ სამყაროში, ჩვენს პატარა ქვეყანაში, მუდამ იქნება მწვავე ურთიერთდაპირისპირება - ორ პოლუსიან განზომილებაში - ჩრდილოეთი თუ დასავლეთი

რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ, სამოქალაქო ომის საფრთხეს, იგი კარგა ხნის მომხდარი იქნებოდა, რომ ჩვენში იმდენი იარაღი იყოს, როგორც 1991 წელს იყო საქართველოში.

მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ, რაც არ უნდა სერიოზული პრობლემები გვაწუხებდეს, მაინც არა ვართ - 1991-1992 წლების მიჯნის საქართველო.

- 7-8 მარტის პროცესებმა რიგ შემთხვევაში მკაფიოდ, რიგ შემთხვევაში ირიბად დაგვანახა, რომ ქართული ოპოზიცია კრიზისშია. როგორც ჩანს, სულაც არ უნდა იყოს უსაფუძვლო მტკიცება, რომ „შუის“ ბევრჯერ გაკრეფის გამო, ქართული პოლიტიკური სცენა პრაქტიკულად ცარიელია, ან ნახევრადცარიელია.

ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი არ ავლენს საზოგადოების კონსოლიდირების სურვილსა და უნარს. ოპოზიციაზე კი შეიძლება იმის თქმა, რომ 7-8 მარტის შემდეგ გამოჩნდა, რომ ოპოზიციას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსი ახალ რეალობაში შესთავაზოს საზოგადოებას თავისი კონსოლიდირებული დღის წესრიგი თუნდაც ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად.

თქვენ როგორ დაახასიათებდით იმას, რაც ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ხდება? გაქვთ განცდა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე შეიძლება გაჩნდეს სახელისუფლებო გუნდის ალტერნატივა?

- დღეს, კერძოდ, 2023 წლის მარტის მდგომარეობით, ოპოზიციის სახით, ხელისუფლების ალტერნატიული რესურსის მქონე ძალა არ იძებნება და ამას აქვს მიზეზები.

მიმდინარე უკრაინის ომის ფონზე, ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი. მათ მტკიცებას, რომ მოძმე უკრაინას მკვეთრი მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ - საფრთხის შემცველი პერსპექტივა აქვს, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი შიშით შეჰყურებს.

მოდით გავარჩიოთ და თვით ოპოზიციას ვკითხოთ - უკრაინისათვის ოფიციალური მხარდაჭერა ნიშნავს, სულ მცირე - რუსეთზე სანქციების პროცესში ჩართვას და რუსეთთან მებრძოლ სახელმწიფოთა რიგებში ჩადგომას.

ამ შემთხვევაში - ვრჩებით ისევ რუსეთის პირისპირ და ძნელია იმ მოსალოდნელ ნგრევა-უბედურებათა წარმოდგენა, რაც ამგვარ უგუნურ ნაბიჯს მოჰყვება. აი, ამ მარტივ მოსალოდნელობას, ოპოზიციის არც ერთმა შემადგენელმა ერთეულმა, პარტიამ თუ ფრაქციამ - მეტ- ნაკლებად ნათელი პასუხი დღემდე არ გასცა. ის რაც არ გააკეთა ოპოზიციამ და თავი აარიდა, გააკეთა ხელისუფლებამ, რომ საქართველოს რამენაირი ჩართვა უკრაინის ომში და არანაირი ომი არ იქნება.

ის რაც არ გააკეთა ოპოზიციამ და თავი აარიდა, გააკეთა ხელისუფლებამ, რომ საქართველოს რამენაირი ჩართვა უკრაინის ომში და არანაირი ომი არ იქნება

მოსახლეობისათვის ამ მარტივი მესიჯის გაგება, ადეკვატურად მარტივი აღმოჩნდა და ის გაიზიარა, არამარტო „ოცნების“ მხარდამჭერმა ნაწილმა, არამედ მათაც, ვინც ხელისუფლების მოწინააღმდეგეა, ოპონენტია, კრიტიკოსია და ის სულაც არ ეპიტნავება.

ამგვარმა ბუნდოვანმა და ვიტყოდი - გაუგებარმა პოზიციამ, ყველანაირი ოპოზიცია დაასუსტა და ძალა გამოაცალა.

- საუბრის დასაწყისში ბრძანეთ - მარტის მოვლენებმა აჩვენა, რომ პოლიტიკურ სცენაზე გამოვიდა ახალგაზრდობა. იყო მოლოდინი, რომ პოლიტიკურად გააქტიურებულ ახალგაზრდობასთან ხელისუფლება დიალოგის რეჟიმში დაიწყებდა მოქმედებას.

როგორც ითქვა, ამისათვის დაინიშნა განათლების ახალი მინისტრი. ახალგაზრდებზე პრემიერისგან ჯერ მხოლოდ ის გვესმის, რაც ადრე თქვა, რომ ისინი სატანისტების ფორმებში იყვნენ, ახალგაზრდები „მოატყუეს“ და ასე შემდეგ.

თქვენ ყოველდღიურად გაქვთ კონტაქტი სტუდენტ-ახალგაზრდობასთან. ამიტომ საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრის მოსმენა მათზე.

თქვენ როგორ შეაფასებდით ჩვენ სტუდენტ-ახალგაზრდობას, რომელთა აქტიურობამ იძულებული გახადა ხელისუფლება უარი ეთქვა „აგენტების“ კანონზე?

- კვლავ ახალგაზრდობას დავუბრუნდეთ. ის არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ძალა, არც პარტია ან ასოციაცია. ის მოსახლეობის შემადგენელი ერთ-ერთი სოციალური ფენაა, როგორც ვთქვათ - გლეხობა, მუშები, მოსამსახურეები, და ა. შ. ახალგაზრდობა სხვა ფენებისაგან აქტიურობის პოტენციალით გამოირჩევა, მოძრავია და მოდერნისტულად განწყობილი. ახალგაზრდობა უმეტეს შემთხვევაში - პროგრესულად განწყობილი ავანგარდული ძალაა.

ახალგაზრდობა სხვა ფენებისაგან აქტიურობის პოტენციალით გამოირჩევა, მოძრავია და მოდერნისტულად განწყობილი. ახალგაზრდობა უმეტეს შემთხვევაში - პროგრესულად განწყობილი ავანგარდული ძალაა

ჩვენში ამ 30 წლის მანძილზე, ჩამოყალიბდა, მოსახლეობის სხვა ფენებისაგან სრულიად განსხვავებული მენტალობისა და ფსიქოლოგიის მქონე კლასი, რომელსაც წარსულის ტვირთი არ აწუხებს და არ ამძიმებს. ის არ ყოფილა რუსულ სივრცეში და ვერ წარმოუდგენია იმ სივრცეში სუნთქვაც კი. მან რუსულიც კი არ იცის, რომ რუსულენოვან სამყაროსთან იურთიერთოს.

ახალგაზრდობას, ისე როგორც არავის, უნდა თავისუფალ დემოკრატიულ ინსტიტუციაში იცხოვროს, თავისუფლად იკითხოს, მოუსმინოს მისთვის სასურველ მუსიკას, იცეკვოს, იშრომოს და ღირსეულად ანაზღაურება მოითხოვოს შრომისათვის. მას სძულს კორუფცია, უკანონობა, მან იცის რომ დასავლეთი არ არის პანაცეა და იდეალური.

ახალგაზრდობამ სხვაზე მეტად იცის რა უკუღმართობები ხდება ევროპაში თუ ამერიკაში, მაგრამ მან ისიც იცის რომ ევროამერიკული დასავლეთი - სხვა ყველა დღეს არსებულ ცივილიზაციურ ერთეულზე წინმავალია, ავანგარდულია, მოწესრიგებულია, განვითარებულია, ინტელექტუალურია და ა. შ.

ახალგაზრდობამ სხვაზე მეტად იცის რა უკუღმართობები ხდება ევროპაში თუ ამერიკაში, მაგრამ მან ისიც იცის რომ ევროამერიკული დასავლეთი - სხვა ყველა დღეს არსებულ ცივილიზაციურ ერთეულზე წინმავალია, ავანგარდულია, მოწესრიგებულია, განვითარებულია, ინტელექტუალურია და ა. შ.

მან ისიც იცის, რომ ვერც რუსეთში, ვერც ჩინეთში, რომელზეც ამ ბოლო დროს მოხშირებულად ლაპარაკობენ ჩვენი გაუგებარ ენაზე მოლაპარაკე ზოგი ექსპერტები, ვერც ინდოეთში და ვერც აფრიკასა თუ იბერიულ ამერიკაში - ვერ ისწავლიან, ვერ შეითვისებენ მეცნიერებას, ხელოვნებას, ფილოსოფიას, ტექნოლოგიებს, როგორც დასავლეთში. ეს ანაბანაა და ეს ახალგაზრდობამ არანაკლებად იცის, ვიდრე მათმა ბებია-ბაბუებმა.

თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალგაზრდობას გააჩნია ყველაზე ხელშეუხებელი და უძლიერესი იარაღი - ისინი ჩვენი ხელისუფლების, ოპოზიციის, ნებისმიერი ფენისა თუ სტატუსის წარმომადგენელთა, ყველა ჩვენგანის - შვილები, შვილიშვილები და ქვეყნის მომავალნი არიან.

ღმერთმა ნურც აფიქრებინოს რომელიმე პერსონას, თუ ჯგუფს, რომ მასზე - ჩვენს ახალგაზრდობაზე, რამენაირად - ხელი აღმართოს. ამიტომ კარგად მოხდა ის, რაც მოხდა ორი-სამი კვირის წინ, რომ ყველაფერი, მშვიდობიანად დამთავრდა და ჩვენ დავუთმეთ ჩვენს ახალგაზრდობას და არა მარტო მას. ნუღარ ვინანებთ ამ გონივრულ ნაბიჯს.

ამიტომ კარგად მოხდა ის, რაც მოხდა ორი-სამი კვირის წინ, რომ ყველაფერი, მშვიდობიანად დამთავრდა და ჩვენ დავუთმეთ ჩვენს ახალგაზრდობას და არა მარტო მას. ნუღარ ვინანებთ ამ გონივრულ ნაბიჯს

- ყველა თანხმდება, რომ საქართველოსთვის 2023 წლის მთავარი გამოწვევაა მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

კვალიფიციურ დამკვირვებელთა უმეტესობა კი თვლის, რომ ახლა ქვეყნის ეროვნული იდეა ევროპულ გზაზე გადის. მაგრამ, თუ ევროპული რეკომენდაციის შესრულების დინამიკას მივადევნებთ თვალს, მთლად სახარბიელოდ არ გვაქვს საქმე ამ რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. მეტიც, ამას წინათ პრემიერმა ამ თემაზე ევროპას დაახლოებით ასე რამ უთხრა - მიგვიღეთ ისეთი, როგორიც ვართ.

არადა ჩვენი ევროპელი პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ კანდიდატის სტატუსს რეკომენდაციების შეუსრულებლად ვერ მივიღებთ.

გაქვთ განცდა, რომ საქართველო წლის ბოლოს მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს?

- სტატუსი, წმინდა იდეად გვექცა. მოდით ასე დავაყენოთ საკითხი. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, თუ დასავლეთი არ მიიღებს სასურველ გადაწყვეტილებას, ყირაზე რომ დავდგეთ, არაფერი გვიშველის.

დასავლეთმა ჩვენზე კარგად იცის ქართველი საზოგადოების დასავლური არჩევანი და თუ ის ვერ გადაწყვეტს ან ვერ გაბედავს სასურველი გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ ჩვენ გვეცოდინება რომ ეს მათი ანუ დასავლეთის, ევროკავშირის პასუხისმგებლობა იქნება

გრიგოლ რობაქიძე ეუბნებოდა 1920 წელს, საქართველოს პირველ რესპუბლიკაში ჩამოსულ ევროპელთა დელეგაციას - ჩვენ, 2 000 წელია, გელოდებოდით თქვენ.

დასავლეთმა ჩვენზე კარგად იცის ქართველი საზოგადოების დასავლური არჩევანი და თუ ის ვერ გადაწყვეტს ან ვერ გაბედავს სასურველი გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ ჩვენ გვეცოდინება რომ ეს მათი ანუ დასავლეთის, ევროკავშირის პასუხისმგებლობა იქნება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა