ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები თბილ ოთახში არჩევენ ბავშვის უფლებების საკითხებს მაშინ, როცა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები რამდენიმე თვეა მშობლებთან ერთად დგანან ქარში და ყინვაში და მათ არავინ ესაუბრება,- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ლანა გალდავამ პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.
გალდავა გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე აქციას, სადაც მშობლები უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ მათი შვილების სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების თაობაზე მინისტრთან შეხვედრას და აღნიშნა, რომ ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პრობლემა დროულად გადაიჭრას.
„ახლა იმართება ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც პირველ საკითხად არის საუბარი ბავშვის უფლებებზე და ბავშვის უფლებებზე საუბრობენ მაშინ, როცა ჯანდაცვის სამინისტროს წინ რამდენიმე თვეა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები დგანან მათ მშობლებთან ერთად აქციაზე ქარში და ყინვაში და იმ მედიკამენტის დაფინანსებას ითხოვენ, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის და ზრდისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მათ არ აქვთ პასუხი გაფორმდა თუ არა ხელშეკრულება მწარმოებელთან, შემოვა თუ არა მედიკამენტი ქვეყანაში. წარმოუდგენელია, რომ ქარში წვიმაში დგანან ბავშვები მშობლებთან ერთად და მათ არ ესაუბრებიან. კულუარულად იგებენ, რომ აწი შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, მაგრამ არანაირი დეტალი ცნობილი არ არის. 12 ბავშვი დგას ქარში და წვიმაში, ხოლო ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები თბილ ოთახებში არჩევენ ბავშვის უფლებების საკითხებს“, - განაცხადა გალდავამ.