შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ავჭალაში, ივანე კაჭარავას ქუჩის მიმდებარედ, რკინიგზის ლიანდაგებთან არსებული ტერიტორია დაასუფთავეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, დავით ფაჩულია და „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის ფილიალის დირექტორი, გიორგი მარუქაშვილი გაეცნენ.
„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ „საქართველოს რკინიგზასთან“ და ხშირად ერთობლივად დასუფთავების ღონისძიებებს ვგეგმავთ. ამ ადგილის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმენდის მოთხოვნა მოქალაქეების მხრიდან წამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია ჩვენი კომპანიის მოვლა-პატრონობაში არ არის, გავითვალისწინეთ ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი და სრულად ლიანდაგების მიმდებარედ არსებული მონაკვეთი გავწმინდეთ“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
მათივე ცნობით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მსგავსი ღონისძიებების სახით მომავალშიც გააგრძელებს სს „საქართველოს რკინიგზის“ ბალანსზე არსებული ტერიტორიების დასუფთავებას.