სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხური შეიარაღებული ძალები არ იმყოფებიან, წინააღმდეგობაში მოდის სომხეთის სხვა ოფიციალური პირების და თავდაცვის სამინისტროს განცხადებებთან, რომ შეიარაღებული ძალები ჯერ არ გაუყვანიათ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, აიხან ჰაჯიზადემ განაცხადა, რომელიც ნიკოლ ფაშინიანის კომენტარს გამოეხმაურა.
„ჩვენ კარგად გვახსოვს, სომხეთი 30 წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მის ძალებს აზერბაიჯანის ტერიტორია არ ჰქონდათ ოკუპირებული. არაერთხელ დადასტურდა, რომ სომხეთის ამ პრეტენზიებს არავითარი საფუძველი არ აქვს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები სომხური ძალების უპირობოდ და დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა. ასევე, სამმხრივი განცხადების შესაბამისად, სომხურმა მხარემ სრულად უნდა გაიყვანოს ჯარები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან“, - აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მთიან ყარაბაღში სამხედრო გადაზიდვებს არ ახორციელებს და რომ სომხეთს მთიან ყარაბაღში ჯარი არ ჰყავს.