რუსთაველის გამზირზე, მარტში მიმდინარე აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს ბრალი წარუდგინეს.
თუ რა პოზიცია აქვს დაკავებულს მის ბრალდებასთან დაკავშირებით, ამ საკითხზე მისი ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე არ საუბრობს.
„ბრალი წარედგინა, მის პოზიციასთან დაკავშირებით საუბრისგან თავს შევიკავებ, დაზიანებები არ აქვს. ძირითადად, ვიდეომტკიცებულებების დათვალიერება მოხდა, საქმის მასალები ახლა უნდა გადმომცენ.
მას ედავებიან, რომ დააზიანა სხვისი ნივთი, საუბარია ავტომობილის დაზიანებაზე, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა და პლუს, დაზიანება მიაყენა პოლიციელს. მისი ერთ-ერთი ბრალდებაა, რომ მოლოტოვის კოქტეილი გაისროლა. დაკავება მოულოდნელად მოხდა, გამოკითხვაზე დაბარებულიც არ ყოფილა“, - განაცხადა ნოზაძემ.
ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. გამოძიების ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7,8,9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ბრალდებულმა ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.