რუსეთს სურს უკრაინის წინააღმდეგ მოლდოვა იგივენაირად გამოიყენოს, როგორც ბელარუსი, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს და გადააყენოს ხელისუფლება კიშინიოვში და მათ ასეთი ქმედებების მტკიცებულება აქვთ.
„გასაგებია, რომ რუსეთი კიშინიოვში პრორუსული ხელისუფლების დაყენებას ცდილობს, რათა მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს, როგორც ეს ხდება, მაგალითად, ბელარუსის შემთხვევაში", - განაცხადა სანდუმ.
მან აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ გამოაცხადა.
“სწორედ ამის გაკეთება სურს რუსეთს მოლდოვის შემთხვევაშიც. მაგრამ დღეს მოლდოვაში დამოუკიდებელი მთავრობა არის, მისი მოქალაქეების მიერ არჩეული, რომელიც მისი მოქალაქეებისა და მოლდოვის კეთილდღეობაზე მუშაობს, ამიტომ მას ვერ გამოიყენებ ისე, როგორც პრორუსულ ხელმძღვანელობას”, - განაცხადა სანდუმ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მოლდოვამ ევროკავშირს მიმართა დაასანქციროს ოლიგარქები, რომლებიც, მათი თქმით, რუსეთთან თანამშრომლობენ ძალადობის გაჩაღებასა და ხელისუფლების გადაყენებაზე. კიშინიოვის აღნიშნულ იდეას მხარი საფრანგეთისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაუჭირეს.