„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ - რუსეთში, საგაზაფხულო გაწვევის დროს გამოძახებული ახალწვეულებისთვის წვრთნების ჩატარებამ კრემლს, შესაძლოა, რეზერვისტებისა და მოხალისეების მომზადებაში ხელი შეუშალოს

რუსეთში, საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში გამოძახებული ახალწვეულები რუსეთის საბრძოლო ძალას მოკლევადიან პერიოდში ვერ გაზრდიან, რადგან მათ თვეების განმავლობაში წვრთნებისა და სამხედრო სამსახურის გავლა სჭირდებათ, - ამის შესახებ ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, პუტინმა ახალწვეულები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ჩართოს, რადგან ის შიშობს, რომ ეს ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის მისი რეჟიმის სტაბილურობას.
ორგანიზაციის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალწვეულებს, დიდი ალბათობით, საბრძოლველად არ წაიყვანენ, მაინც სჭირდებათ მომზადება.
„რუსეთის საწვრთნელი შესაძლებლობები შეზღუდულია და მისი გამოყოფა ახალწვეულების მომზადებაზე, რომლებიც არ იბრძოლებენ 2023 წელს, კრემლს ართმევს შესაძლებლობას მოამზადოს რეზერვისტები და მოხალისეები, რომლებიც იბრძოლებენ“, - აცხადებენ „ომის შემსწავლელ ინსტიტუტში“.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ. გაწვევა 2023 წლის 1-ლი აპრილიდან, 15 ივლისამდე განხორციელდება რუსეთის იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებიც არ არიან სამხედრო რეზერვში და აკმაყოფილებენ "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის" შესახებ კანონს. საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში, დაახლოებით, 147 000 მოქალაქეს გაიწვევენ.

























