განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ლისაბონის კონვენციის იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით, ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავდა, ევროპის საბჭოს განათლების პროგრამაში ჩართული კონკრეტული ქვეყნების (ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ვატიკანი, ყაზახეთი, მონაკო, მონტენეგრო, მოლდოვის რესპუბლიკა, სან მარინო, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი) საინფორმაციო ცენტრების ( ENIC Centres) მხარდაჭერას ლისაბონის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტირების პროცესში.
„პროგრამა ითვალისწინებდა შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს:
ლისაბონის კონვენციის მონიტორინგის მე-2 ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებას;
ლტოლვილთა, საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირთა და ლტოლვილთა მსგავს სიტუაციებში მყოფი პირების კვალიფიკაციის აღიარებას;
საგანმანათლებლო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლას.
საქართველოს სახელით საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც წარადგინა შემდეგი პროექტი - „ლტოლვილების (საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირთა) მიერ მიღებული განათლების აღიარების პროცედურის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა“.
ცენტრის მიერ წარდგენილმა საგრანტო განაცხადმა ევროსაბჭოს საკონკურსო კომისიის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა და ცენტრმა მოიპოვა სრული დაფინანსება აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად.
გრანტის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა 2023 წლის 27 მარტს ქალაქ სტრასბურგში.
პროექტის იმპლემენტაციის ფარგლებში, ცენტრი ლტოლვილთა და საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირთა განათლების აღიარების საკითხებზე განახორციელებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევას, შეაფასებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მზაობას პროცედურის ჩატარების კუთხით, შექმნის გზამკვლევს და ჩაატარებს ტრენინგებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ჩართული მხარეებისათვის, დაბეჭდავს ბროშურებს პოტენციური განმცხადებლებისათვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.