თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მარტის აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულის, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, პარალელურად მისი ოჯახის წევრები გრიგორიადისის დაპატიმრებას აპროტესტებენ.
ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერი, წარწერით: „ლაზარე გარეთ, რუსული მთავრობა ციხეში“.
როგორც მონაწილეები აცხადებენ, ლაზარე გრიგორიადისი უკანონოდ არის დაპატიმრებული და მათი მთავარი მიზანი მისი გათავისუფლებაა.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მარტის აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების საქმეზე 1 პირი რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
„2002 წელს დაბადებული, წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული და ამჟამად განსასჯელი ლ.გ. პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.