"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, მარტის აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებული, ლაზარე გრიგორიადისი სპეციალურად არის შერჩეული, რათა ის სამაგალითოდ დასაჯონ.
ჯაფარიძის თქმით, თუ მას ციხეში ჩასვამენ, საქართველო რუსეთი იქნება.
"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეს ადამიანი, რომელიმე პარტიის წევრი არის თუ არა. ეს არის სპეციალურად შერჩეული იმისათვის, რომ სამაგალითოდ დასაჯონ, რათა მომავალში პროტესტის გამოხატვის სურვილი ამ ქვეყანაში არავის ჰქონდეს. ჩემი აზრით, ამ ადამიანის დაცვაზე გადის ახლა მთავარი ბრძოლის ხაზი. ახლა ეს ამბავი "აგენტების შესახებ" კანონის ამბავთან შედარებით არაფრით ნაკლები არ არის, თუ უფრო მნიშვნელოვანი არაა. თუ ამ ადამიანის დასჯას ან ციხეში ჩასმას შეძლებენ, ჩავთვალოთ, რომ რუსეთი ვართ. აქაც ადამიანებს შეგეშინდებათ გამოსვლის და პროტესტის გამოხატვის. ამიტომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ეს ადამიანი დარჩეს გარეთ და არ დავასჯევინოთ არცერთ შემთხვევაში. ამიტომ ვარ აქ მოსული", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმითვე, თუ ხელისუფლებას დამნაშავის დასჯა უნდა, ის პოლიციელები უნდა დასაჯონ, რომლებიც აქციებზე მას და ნიკა მოსიაშვილს ურტყამდნენ.
"დამნაშავე არის ხელისუფლება, რომელმაც კონსტიტუცია გადაგვახია თავზე და ქვეყანას მიათრევს რუსეთისკენ. ამის წინააღმდეგ გამოსული ადამიანი დამნაშავე ვერ იქნება. მარტივია, თუ დამნაშავის დასჯა გინდათ, იპოვეთ ის პოლიციელები, 10 კაცი, რომელიც მე და ნიკა მოსიაშვილს გვირტყამდა",- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, სასამართლო მარტის აქციების დროს დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს მსჯელობს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.