დღეს, თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, შშმ პირების, კერძოდ უსინათლოთა რელიგიური უფლებების დაცვის ხელშესაწყობად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით, ხატებთან ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ლოცვები და ტროპარ-კონდაკები განთავსდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლოცვები ბრაილის შრიფტით უკვე განთავსებულია სამების საკათედრო ტაძარში და ფონიჭალის წმინდა თამარის სახელობის ეკლესიაში.
„ამასთან დაკავშირებით, ქაშვეთის ეკლესიაში რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, სააგენტოს თანამშრომლები და საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენელი, ხათუნა გოგიძე იმყოფებოდნენ. პროცესში მონაწილეობდა ტაძრის პროტოდიაკვანი, დიმიტრი ლომინაძე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.