ბადრი ესებუას პროცესზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი გამოიკითხა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი ვარლამ ჭაჭუა. როგორც მან სასამართლოზე განაცხადა, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა 2020 წლის 25 ოქტომბერს ძმას, ბიძინა ესებუას შეხვდა. მისივე თქმით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცავებმა ესებუას დეიდაშვილი მურთაზ ჯანაშია გამოიკითხეს, რომელმაც თქვა, რომ 25 ოქტომბერს ესებუა მის სახლში იმყოფებოდა და იმავე დღეს ძმას შეხვდა.

"გვქონდა ინფორმაცია, რომ მურთაზ ჯანაშიას სახლში ფული და იარაღი ინახებოდა. ამის საფუძველზე მივედით ადგილზე. ჯანაშია გამოვკითხეთ და თქვა, რომ 25 ოქტომბერს მათთან სახლში მივიდა ბადრი, სთხოვა, "მთავარ არხზე" გადაერთო, რადგან არხის დირექტორს უნდა გამოეცხადებინა ბანკზე სავარაუდო თავდამსხმელის სახელი და გვარი. ასევე, გვითხრა, რომ ფოტო გადაუღო ესებუას და "მესენჯერში" გაუგზავნა მის ძმას ბიძინას, რომელიც რამდენიმე წუთში მოვიდა მურთაზ ჯანაშიას სახლში. მათ გარეთ ისაუბრეს, რის შემდეგად ბადრი ესებუამ, ჯანაშიას თქმით, მათი სახლი დატოვა. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩვენ ამოვიღეთ მურთაზ ჯანაშიას კუთვნილი მობილური ტელეფონი, რადგან ბადრი ესებუასთან მიმოწერას ინახავდა და ამავე ტელეფონით გაიგზავნა მისი ფოტო ბიძინა ესებუასთან და ეს საქმისთვის საინტერესო დეტალი იყო", - აღნიშნა ვარლამ ჭაჭუამ.

დღევანდელ სხდომას ბრალდებული ბადრი ესებუა არ ესწრება, მიზეზი უცნობია.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა