მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ კლინიკა „ვივამედთან“ დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.
ადვოკატის განცხადებით, საქმე ეხება კლინიკა „ვივამედის“ ექიმის, ენდოკრინოლოგის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაჟღერებას.
„დღეს, რეგულირების სააგენტომ კლინიკა „ვივამედთან“ დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთის წინ მომივიდა შეტყობინება. კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა პრესკონფერენცია ჩაატარეს, სადაც ენდოკრინოლოგმა მიხეილ სააკაშვილის პირადი მონაცემები გააჟღერა. ამ პირადი მონაცემების გაჟღერების ფაქტთან დაკავშირებით და სხვა სამედიცინო საკითხების დარღვევასთან დაკავშირებით, რეგულირების სააგენტოს მივმართეთ. პასუხი მოგვივიდა, რომ მოკვლევა დაიწყო. კლინიკა „ვივამედიდან“ გამოთხოვილ იქნა დამატებითი დოკუმენტები“,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.