რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის 8 ოლქი დაბომბეს, დაღუპულთა შორის 5 თვის ბავშვია, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვის ოლქი არტილერიის გამოყენებით სამჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც 3 კერძო სახლი დაზიანდა. თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ სუმის ოლქის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამასთან, ათობით სახლი დაზიანდა და 4 ადამიანი დაშავდა ზაპოროჟიეს ოლქის დაბომბვის შედეგად.
რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ოლქის 19 დასახლებული პუნქტი დაბომბეს. დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაზე ერთ-ერთი თავდასხმის დროს 5 თვის ბავშვი და მისი ბებია დაიღუპნენ, დედ-მამა კი, დაშავდა.
გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ხერსონის ოლქი 54-ჯერ დაბომბეს. მათ შორის ხუთჯერ დაიბომბა ქალაქი ხერსონი. ჭურვები ქალაქის საცხოვრებელ უბნებს, კერძო და მრავალბინიან სახლებს მოხვდა. თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი - დაშავდა.
სოფელ პოსად-პოკროვსკეში რუსების ნაღმზე აფეთქდა სამი ადამიანი - ელექტრიკოსები, რომლებიც დაზიანებული ელექტრო ქსელების აღდგენაზე მუშაობდნენ. ორი მათგანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.