შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზას მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების კლუბ „ბუნების კარის“ აღსაზრდელები ეწვივნენ, რომლებიც სახანძრო-სამაშველო ძალების საქმიანობით არიან დაინტერესებულები. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით,სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბავშვებს სახანძრო ავტოცისტერნა დაათვალიერებინა და სამსახურის სპეციფიკა გააცნო. „განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სტუმრებისთვის სამთო კედელზე საინტერესო საჩვენებელი სავარჯიშოებიც შეასრულეს. მეხანძრე-მაშველებმა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელებს საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილიც ჩაუტარეს. სახანძრო-სამაშველო სამსახურში, საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოზარდების ვიზიტები სისტემატურად ხორციელდება”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.