პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქცია დასრულდა.
აქციის მონაწილეები გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე ფილმები - „დაუსჯელი დანაშაული“ და „ქართული თუ რუსული“ ოცნება აჩვენეს.
აქციაზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი და ასევე „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"