უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა ყირიმის გათავისუფლების 12 ნაბიჯი წარადგინა.
მედიის ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სპეციალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით შეიმუშავა.
პროგრამაში აღნიშნულია, რომ იმ პროპაგანდისტების - ჟურნალისტები, მედიის პროფესიონალები და სხვადასხვა ექსპერტები - დანაშაულები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ოკუპაციაში, ბავშვთა განათლების მილიტარიზაციასა და უკრაინის, უკრაინელების, ყირიმელი თათრებისა და სხვა ეროვნების მიმართ სიძულვილის გაღვივებაში, გამოძიებული იქნება უკრაინის და, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანოების მიერ.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც უკანონოდ დასახლდნენ ყირიმის ნახევარკუნძულზე 2014 წლის თებერვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ უკრაინის ტერიტორია კანონით დადგენილ ვადაში.
ამასთან, 2014 წლის თებერვლის შემდეგ არაუკრაინული კანონმდებლობით განხორციელებული ტრანსაქციები, მათ შორის უძრავი ქონება, ბათილად ითვლება. დოკუმენტში აგრეთვე წერია, რომ თუ ქონება უკანონოდ მითვისებულია ან ნაციონალიზებულია, ის უბრუნდება მფლობელებს.
ამას გარდა, ერთ-ერთ ნაბიჯად გაწერილია „დეტოქსიკაციის“ ყოვლისმომცველი პროგრამა, რომელიც ყირიმის მოსახლეობის ნაწილის საზოგადოებრივ ცნობიერებაზე რუსული პროპაგანდის ხანგრძლივი მოქმედების შედეგების გასანეიტრალებლადაა მიმართული.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსიზმის იდეოლოგიაში მისი ადგილისა და როლის გათვალისწინებით, სევასტოპოლს სახელი უნდა შეეცვალოს.