უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„მოწინააღმდეგის ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან : ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა. ბახმუტის მიმართულებით მტერი არ წყვეტს ბახმუტზე შტურმს და ცდილობს მასზე სრული კონტროლის მოპოვებას“, - აცხადებენ გენშტაბში.
ამასთან, უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 5 სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 50-ჯერ გახსნეს.
რუსული ძალების ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის უბნებზე 8 დარტყმა განახორციელა.
თავის მხრივ, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტსა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 3 უბანს დაარტყეს. მათ ასევე, გაანადგურეს მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის 3 პოზიცია და 6 მნიშვნელოვან სამიზნეს დაარტყეს.