მან არ მიიღო მედიკამენტი. დატოვა საცხოვრებელი სახლი, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი, - ამის შესახებ პროკურორმა ალინა კუკავამ „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულის ანზორ ლომიძის სასამართლო პროცესზე განაცხადა.
პროკურორის განმარტებით, ბრალდებულის მშობლის თქმით, მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და მედიკამენტებს არ იღებდა.
ამასთან, ალინა კუკავამ აღნიშნა, რომ „ბრალდებული ხანდახან აგრესიულად გამოიყურება“.
„მან არ მიიღო მედიკამენტი. დატოვა საცხოვრებელი სახლი, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი“, - განაცხადა ალინა კუკავამ.
ცნობისთვის, „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელიც მომხდართან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს.
ბრალდების მხარის შუამდგომლობას პატიმრობის შეფარდების შესახებ არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. ადვოკატის თქმით, ანზორ ლომიძე ვერ აღიქვამს მოვლენებს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შესაბამის სტაციონარში უნდა მოთავსდეს.