ამერიკაში ადგილზე მოკლეს 4 ადამიანი, რომელიც კონგრესის შენობაში შეიჭრა. ჩვენთან თურმე ნორმაა ანარქისტები შეგვეშვა პარლამენტის შენობაში, თურმე ნორმაა, რომ ცეცხლი გაუხსნა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილებით“ და პოლიციამ არ უნდა იმოქმედოს, ანუ არავინ უნდა დავიჭიროთ, არავინ უნდა დავსაჯოთ და ამ ანარქისტებს, ქაოსის დამთესველებს, ქვეყნის მტრებს საშუალება მივცეთ, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ? ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიზამთ! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც პოლიციაზე თავდასხმის საქმეში მხილებულია.
ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს ქვეყნის კეთილდღეობას, ეს არის „დეგრადირებული ექსტრემისტული ოპოზიცია“.
„რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი. ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა, როგორ ესროლა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილი“ ანუ ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია, ამას არავის ვაპატიებთ. ეს არის მიუღებელი წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო. ასევე, ნახა საზოგადოებამ, რომ გეგმა იყო გაცილებით უფრო რთული. მათი გეგმა იყო მუდმივი ქაოსის დათესვა, რა თქმა უნდა, მათი საბოლოო მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რაც, რა თქმა უნდა, არავის გამოუვიდა და არ გამოუვა.
რაც შეეხება ანარქისტებს და მათ ინსტრუქტორებს - მე მინდა შევახსენო ყველას, რომ ეს ადამიანები იყვნენ მომზადებული იმისთვის, რომ მომხდარიყო პროვოკაციები, პოლიციაზე თავდასხმები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის თვალსაჩინო. ხალხმა ნახა კიდევ ერთხელ, რომ ამის მიზანი გაცილებით შორსმიმავალი იყო. მადლობა პოლიციას, სახელმწიფო დადგა ძალიან მტკიცედ, გამოაჩინა სიძლიერეც და გონიერებაც.
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს კეთილდღეობას, ეს არის სწორედაც დეგრადირებული ექსტრემისტული ოპოზიცია. მათ არ უნდათ, რომ იყოს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა, სტაბილურობა. ყველაფერს აკეთებენ, რომ შეიწირონ საკუთარი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოება. მე მინდა ყველას მკაფიოდ ვუთხრა, რომ დღეს ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე დგას, მტკიცედ და ძლიერად დგას. ჩვენ ვინარჩუნეთ მშვიდობას, სტაბილურობას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ამ გზაზე ვერავინ შეგვეწინააღმდეგება.
რა თქმა უნდა, მიუღებელი ის, რაც მოხდა. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც არის ბრალდებული და მხილებული პოლიციაზე თავდასხმის საქმეში. ეს არის მიუღებელი. კანონი აღსრულდება ყველას მიმართ, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს დაფუძნებული მტკიცებულებებზე და არავის უსამართლოდ არ დავსჯით. არ დაგვისჯია, არც არავინ არ დაისჯება,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.