თბილისის მერიის ინფორმაციით, მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ახალი საავტომობილო გზის მიმდებარედ დასრულებულია ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის კედლების მშენებლობა და გზის სავალ ნაწილზე ბეტონის საფარი ეწყობა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე და შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია. გარკვეული სირთულეები იყო პროექტის განხორციელების დროს, რადგან ამ სივრცეში მეწყრული ზონებია. დაახლოებით, 9 კერა იყო, თუმცა, ყველა დამუშავებულია და უსაფრთხოება ყველანაირად დაცულია. რაც შეეხება სამუშაოების დასრულებას, აპრილის ბოლოს საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგებული იქნება, დაიწყება ღამის განათების ბოძების მონტაჟი და ვფიქრობ, რომ მაისის შუა რიცხვებიდან ამ გზის გახსნა შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე.