ხერსონის ოლქის დასახლებების ნაღმმტყორცნებით დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი, ქალი და მამაკაცი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის ოლქის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის არმია კიდევ ერთხელ დაესხა თავს ხერსონისა და ბერისლავის ტერიტორიების მშვიდობიან დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, არტილერიიდან, ნაღმმტყორცნებიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან.
კერძოდ, ხერსონში დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები. მტრის ჭურვების მოხვედრის შედეგად დაზიანდა კერძო და მრავალბინიანი შენობები, აგარაკები, მაღაზიები.
„კორაბელის მიკრორაიონის ნაღმმტყორცნებით დაბომბვის შედეგად 47 წლის მამაკაცი საკუთარი სახლის ეზოში დაიღუპა. ნაღმმტყორცნებით დაბომბეს სოფელი ივანოვკა, სადაც 75 წლის ქალი გარდაიცვალა“, - აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში.
მათივე ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438 მუხლით (ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა) 28 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.