ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ კვირაში დაგეგმილია შეხვედრა, სადაც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებს განიხილავენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ამ კვირაში, პარასკევს, დაგეგმილია შეხვედრა, სადაც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებს განიხილავენ.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფო კლინიკა იქნება, რომელიც ყველა იმ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს, რასაც სახელმწიფო 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ ყველა კლინიკას მოსთხოვს, არ შეიცვლება.

„დაახლოებით, თვე-ნახევრის წინ მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციას ეხებოდა, პირველად გავაჟღერე. აღმოჩნდა, რომ შენობის ნაწილის დემონტაჟი აუცილებელი იქნებოდა. როგორც მაშინ აღვნიშნე, ვმუშაობდით კონცეფციასა და შესათავაზებელ პირობებზე. იქ დასაქმებული მომუშავე პერსონალი აუცილებლად უზრუნველყოფილი იქნებოდა ან სამსახურით, ან სახელფასო ანაზღაურება გაუგრძელდებოდა.

ამ კვირაში, პარასკევს, დაგეგმილი გვაქვს ღონისძიება, სადაც შეთავაზების ყველა პირობას დეტალურად გავივლით. პროცესი არც თუ ისე ხანმოკლეა. პარალელურად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, რამდენიმე სხვადასხვა კომპანიაში შეფასებითი სამუშაოები მიდის. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ევროპის საინვესტიციო ბანკი აღნიშნულ კლინიკასთან დაკავშირებულ პრობლემებს აქტიურად სწავლობდა და საკუთარ შეთავაზებას ამზადებდა. საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ რას ვიზამთ ტექნიკური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ამ დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ მივიღებთ.

გადაწყვეტილება, რომ ეს სახელმწიფო კლინიკა უნდა იყოს, და ყველა იმ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს, რასაც ჩვენ 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ ყველა კლინიკას მოვთხოვთ, უკვე მიღებულია და გიდასტურებთ, რომ ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა