აჭარის საზღვაო ტურისტული სეზონის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინირებულად და ეფექტიანად განხორციელებისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ უწყებათაშორისი სამუშაო შეხვდა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, უწყებებს, მუნიციპალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სატრანსპორტო ნაკადებისა და ნარჩენების მართვისთვის, საორგანიზაციო სამუშაოების დაწყება დაევალათ.
„2023 წლის საზღვაო სეზონის წარმატებით ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია ყველა უწყების სრული კოორდინაცია“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
„აჭარა, ბათუმი 2023 წელს საერთაშორისო სპორტული, ტურისტული და კულტურული ღონისძიებების ცენტრი იქნება. ტურიზმის აღდგენის დინამიკა აჭარაში მზარდია, 2022 წელს რეგიონში 3,9 მლნ ვიზიტი განხორციელდა. შესაბამისად, 2023 წლის საზღვაო სეზონთან დაკავშირებითაც მოლოდინები პოზიტიურია.
აჭარაში, ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სერვისების შექმნის პარალელურად, რეგიონის პოპულარიზაცია მიმდინარეობს. აჭარა წარმოდგენილია ყველა მნიშვნელოვან და რეპუტაციულ ტურისტულ პლატფორმაზე, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორებიცაა ბერლინის, მადრიდის, მილანისა და ისრაელის ტურისტული გამოფენები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.