გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა დმანისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლნისისა და მარნეულის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, სქესობრივი დანაშაულებისა და ფემიციდის საკითხებზე ისაუბრეს.
„შეხვედრების დროს პროკურორებმა მოსახლეობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულების მიმართულებით პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებზე და დაზარალებულთა საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
საუბარი ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დაცვის, მხარდაჭერის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესს და ამ მხრივ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობას შეეხო.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფემიციდის შეჩერება კომპლექსური გამოწვევაა, რომელთან საბრძოლველად საჭიროა საზოგადოების ჩართულობა და ერთიანი ძალისხმევა.
საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.
საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.