ბრალდება არის სუბიექტურ განცხადებებზე და შეხედულებებზე დაფუძნებული, - ამის შესახებ ვაკის პარკის ტრაგედიაზე ერთ-ერთი ბრალდებულის, შპს “გრინსერვის პლუსის” დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა შპს LMC-ის დირექტორი, რომელმაც განახორციელა შადრევნის პროექტირება.
ადვოკატის თქმით, მოწმემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მათ მიერ შედგენილ პროექტს, მათ მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ მას ამ ხარვეზების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა და მას არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება იმ პროექტზე, რომელშიც უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო.
“მე მას წარვუდგინე მთელი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ თავდაპირველ პროექტშივე არ იყო გათვალისწინებული უსაფრთხოების წესები. პროექტის შემდგომი ცვლილებები, რის სიყალბესაც ედავებიან ლაშა ფურცხვანიძეს, არანაირი ცვლილება უსაფრთხოების ნაწილში არ განხორციელებულა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მის მიერ გაცემულ პროექტზე ეს ადამიანი არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ვკითხე, რომ მისი პროექტი იყო ხარვეზიანი, შემსრულებელმა ის პროექტი შეასრულა, რაც მოქმედი იყო და რატომ უნდა აგოს პასუხი შემსრულებელმა და არ უნდა აგოს პასუხი პროექტის ავტორმა-მეთქი?! - ამაზე მას არანაირი პასუხი არ ჰქონდა. ასევე მან მთელ რიგ გარემოებებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა და გვითხრა, ის, რომ პროექტში შეტანილი ცვლილებები შემდგომში მას ეცნობებოდა, თუ არა ეს, ფაქტობრივად, არანაირ გავლენას არ მოახდენდა პროექტზე და პროექტის ცვლილებებზეც მათი ხელმოწერები არაფერს ცვლიდა. მაგრამ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, არც თავდაპირველ პროექტს და არც შემდგომ ცვლილებებს უსაფრთხოების კუთხით არანაირი ცვლილება არ მოჰყოლია და არანაირი გავლენა არ აქვს დამდგარ ტრაგედიაზე. ბრალდება წარდგენილია ყალბი დოკუმენტების გამოყენებაზე და ყალბი დოკუმენტების გამოყენება და დოკუმენტის სიყალბე მოწმის ჩვენებით არ დგინდება. ანუ არსებობს რაღაც გარემოებები, რომელიც ადამიანის განცხადებით არ დგინდება. ექსპერტიზა დავნიშნეთ ჩვენ, რაზეც პროკურატურამ გვითხრა, რომ ამ დოკუმენტის დედანი მათ არ აქვთ, ეს დოკუმენტი არ არსებობს, რის გამოყენებასაც ედავებიან ფურცხვანიძეს. ანუ ეს არის მხოლოდ სუბიექტურ განცხადებებზე და შეხედულებებზე დაფუძნებული ბრალდება. დღეს დაკითხულმა მეორე მოწმემ დაადასტურა, რომ შადრევნის აუზში ელექტროტუმბოს და ასევე ელექტროსადენების დამონტაჟება არანაირი ანომალია არ არის და ბუნებრივია, აქ არანაირი არაორდინალური არ ყოფილა”, - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).