ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2023 წლის გაზაფხულის სემესტრში, ორმხრივი თანამშრომლობისა და ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს 12 ქვეყნის 20 პარტნიორი უნივერსიტეტიდან, 35 უცხოელი სტუდენტი ისწავლის. ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტებისთვის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თსუ-ს რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თსუ-ს რექტორის მოადგილის, ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოსული სტუდენტები სწავლა-სწავლების პროცესთან ერთად, საქართველოს ისტორიასა და კულტურას ეცნობიან.
„უცხოელი სტუდენტები მოგვიანებით საქართველოს ელჩები იმ ქვეყნებში ხდებიან, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს და კონკრეტულად ჩვენი დედაუნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და წინსვლისთვის მსოფლიო ასპარეზზე,“ - განაცხადა ნინო ოკრიბელაშვილმა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, უცხოელ სტუდენტებს, თსუ-ში მოქმედი პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების და ზოგადად, იმ შესაძლებლობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელსაც უნივერსიტეტი მათ სთავაზობს.
„პირველად საქართველოში ხუთი წლის წინ ჩამოვედი და ეს გამოცდილება ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მოგვიანებით, როდესაც საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებს ვარჩევდი, საქართველოს ნომერ პირველ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება კვლავ მოვისურვე. უკვე მეორე სემესტრს ვიწყებ და ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში,“ - განაცხადა კადისის უნივერსიტეტის (ესპანეთი) სტუდენტმა, ასიერ ბენიტომ, რომელიც თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს.
თსუ-ს ცნობითვე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 200-ზე მეტი პარტნიორი უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი ჰყავს 56 ქვეყანაში. 2020-2022 წლებში ევროპის 44 ქვეყნის 100-ზე მეტ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, 161 პროექტი განხორციელდა. თსუ უცხოელ გაცვლით სტუდენტებს 218 ინგლისურენოვან სასწავლო კურსს სთავაზობს. საერთაშორისო სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც თსუ-ში როგორც უცხოენოვან, ასევე ქართულენოვან პროგრამებზე სწავლობენ, ყოველწლიურად იზრდება.