საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის სპიკერმა, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ იუსტიციის სამინისტროში ჩატარებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარადგინა თემა - „მშვიდობისა და მშვიდობიანი სახელმწიფოს მშენებლობა აფხაზებთან და ოსებთან ერთად“.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი სოფიო მიდელაშვილი, სტუ-ის ასისტენტ-პროფესორი დავით ხუფენია, აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე, პროფესორი გია ხუბუა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, პროფესორი მერაბ ტურავა, პროფესორი ზვიად გაბისონია, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალი და სამართლის სხვადასხვა დარგის გამოჩენილი სპეციალისტები, დოქტორანტები და დარგის მკვლევრები.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე თავის გამოსვლაში შეეხო კონფლიქტების მოგვარებისა და პოსტკონფლიქტური სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საერთაშორისო გამოცდილებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივებსა და შერიგების პოლიტიკას.
„ჯემალ გახოკიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ბოსნია და ჰერცოგოვინას პრეცედენტი და მიმოიხილა მისი სახელმწიფოებრივი მოწყობის უნიკალურობა, რაც ამ რეგიონში ეთნიკური კონფლიქტის დაძლევის საფუძველი გახდა. აგრეთვე მოხსენებაში შეეხო ჰონგ-კონგს და ისტორიულ მოვლენებს, რომლებმაც განაპირობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში ნახევარკუნძულის მშვიდობიანი დაბრუნება და ერთ სახელმწიფოში ორი სისტემის არსებობა. მან საზოგადოებას გააცნო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკუთარი ინოვაციური ხედვა, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილი, პირველ რიგში არის ქართველ, აფხაზ და ოს ხალხებს შორის დიალოგი.
შეხვედრის დასასრულ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თავის შემაჯამებელ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ის მოხარულია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზების ძიების კვლევებში სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობით და განაცხადა, რომ ამ საკითხის აქტუალიზაციისა და გადაჭრაში მეცნიერება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს და რომ სასურველია, კვლევები კიდევ უფრო აქტიურ პროცესში გადაიზარდოს“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.