თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმეზე ბოლო სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს. ასევე, მხარეები რეპლიკებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც, მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.
გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, გოგაშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა და ყველა ბრალდება პოლიტიკურ მოტივებს ეფუძნება.
პროკურატურის განმარტებით, მტკიცებულებებით სოსო გოგაშვილისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული დასტურდება.
უცნობია, დაესწრება თუ არა თავად გოგაშვილი განაჩენის გამოცხადებას.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).
წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.