პარლამენტმა „სპორტის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტი დეპუტატებს პირველი მოსმენით, კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი მეძმარიაშვილმა გააცნო.
მეძმარიაშვილის თქმით, სპორტის შესახებ მოქმედი კანონი პარლამენტმა 1996 წელს მიიღო, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო კი 1999 წელს დაარსდა, შესაბამისად, მოქმედ კანონში ასახული არ არის ის ნორმები და მიდგომები, რასაც ანტიდოპინგური კოდექსი ითვალისწინებს.
ამასთანავე, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ დოპინგის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტები ეროვნულ კანონმდებლობებში აისახოს.
კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, საკითხის მნიშვნელობიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე, „სპორტის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
პარლამენტმა „სპორტის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები, პირველი მოსმენით, 79 ხმით მიიღო.