4 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს გერმანიის ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი, პოლონეთის ზიელონა გორას უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, არკადიუშ ვუდარსკი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
პროფესორს, CIU-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სესილი გოგიბერიძემ და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ხატიძემ უმასპინძლეს.
უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრაზე უნივერსიტეტებს შორის სასწავლო-სამეცნიერო და კვლევითი მიმართულებით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა განიხილეს.
„შეხვედრის შემდეგ, პროფესორმა არკადიუშ ვუდარსკიმ და ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის დოქტორანტმა, KnowledgeTools International GmbH-ის სამართლის ინჟინერმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ლექტორმა, ლადო სირდაძემ CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხეს თემაზე: "მამობის ბათილად ცნობის სასამართლო პრაქტიკის შედარებით-სამართლებრივი ანალიზი".
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა, სადაც სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.