სასამართლომ სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა, - ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი მარშანიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ბრალდების მხარეს ჰქონდა მრავალი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებები.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც იყო ურთიერთშეჯერებული. ბრალდების მხარეს მრავალი მტკიცებულება ჰქონდა წარმოდგენილი და სასამართლომ სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა: დამნაშავედ ცნო იოსებ გოგაშვილი ყველა ბრალდებაში. ხუთი ბრალი ჰქონდა წარდგენილი და ხუთივეში ცნო დამნაშავედ.
სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, მას განესაზღვრა სასჯელად 5 წელი. როდესაც გაეცნობა ბრალდების მხარე ამ განაჩენს, შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, სასჯელის ნაწილში გავასაჩივროთ თუ არა“, - განაცხადა ირაკლი მარშანიამ.