უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე აშშ და ევროკავშირი “პირდაპირ დაუპირისპირდებიან” გლობალური ენერგეტიკული ბაზრების დესტაბილიზების მცდელობებს. ამის შესახებ ბრიუსელში ევროკავშირი-აშშ ენერგეტიკული საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში არის ნათქვამი.
“ორივე მხარემ საკუთარი ერთგულება გამოხატა, შესაბამისი ზომებით, პირდაპირ დაუპირისპირდეს გლობალური ენერგეტიკული ბაზრების მეტად დესტაბილიზების და სანქციებისთვის გვერდის ავლის ნებისმიერ მცდელობებს”, - წერია განცხადებაში.
საბჭომ ასევე უკრაინისა და მოლდოვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების გზები განიხილა.
“ევროკავშირის ელექტრო ქსელთან უკრაინისა და მოლდოვის წარმატებული სინქრონიზაციის შემდეგ, საბჭო აპირებს უკრაინის სწრაფი აღდგენისა და აღმშენებლობის მხარდაჭერას, ასევე უკრაინისა და მოლდოვის გრძელვადიან ეკონომიკურ და სუფთა ენერგეტიკულ ტრანზიციაში დახმარების გაწევას”, - წერია განცხადებაში.
აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერების თანახმად, პუტინის მიერ ენერგეტიკის იარაღად გამოყენების მცდელობების წინააღმდეგ ბრძოლაში საკვანძო მომენტებია ენერგეტიკული ტრანზიციის დაჩქარება, წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება და ენერგიის მოხმარების შემცირება.