იარაღით დახმარების დაგვიანების გამო „ძალიან მრცხვენია“. ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა უკრაინაში სამუშაო ვიზიტის დროს განაცხადა.
კერძოდ, აღნიშნული განცხადება მან უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ჩერნიგოვის ოლქში ვიზიტის დროს გააკეთა.
ჰაბეკმა აღნიშნა, რომ 2021 წელს ზელენსკისთან შეხვედრა ახსოვს და უკრაინის პრეზიდენტი უკვე მაშინ აფრთხილებდა მას, რომ რუსული ჯარების უკრაინის საზღვრებთან კონცენტრირება - ომის რეალური საფრთხეა.
“მაშინ ჩვენ მხოლოდ დავიწყეთ გერმანიაში დებატები იმის შესახებ, უნდა დავეხმაროთ თუ არა უკრაინას იარაღით. მაშინ გერმანიას არ შეეძლო ან არ სურდა ამის გაკეთება. ჩვენი პოზიცია შევცვალეთ, მაგრამ ამან ძალიან ბევრი დრო წაიღო, და უკვე ძალიან გვიანი იყო. ვიცი ეს. ვფიქრობ, ყველა გერმანელი პოლიტიკოსი ვერ შეძლებდა იგივეს თქმას, მაგრამ მე ძალიან მრცხვენია”, - თქვა ჰაბეკმა.